logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა სტივ ბენონმა თანამდებობა დატოვა
- +

18 აგვისტო. 2017. 23:43


 

დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა სტივ ბენონმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.


როგორც CNN-ი იუწყება, ბენონს გადადგომა აიძულეს. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით კი, წასვლის გადაწყვეტილება ბენონთან შეთანხმებით მიიღეს.


დონალდ ტრამპის ახლა უკვე ყოფილი მრჩეველი ცნობილია თავისი ულტრამემარჯვენე და ულტრანაციონალისტური შეხედულებებით. ის თეთრ სახლში დიდი გავლენით სარგებლობდა და ტრამპის საარჩევნო კამპანიის მთავარი იდეოლოგი იყო.


პრეზიდენტობის პირველ თვეებში სტივ ბენონი დონალდ ტრამპის მარჯვენა ხელი იყო. თუმცა როგორც გამოცემა The New York Times-ი წერს, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტი თავის მრჩეველთან პირად შეხვედრას თავს არიდებდა.


როგორც BBC-ი აღნიშნავს, თეთრ სახლში ბენონის მოწინააღმდეგეები ცდილობდნენ, თანამდებობიდან მისი გადაყენებისთვის ხელი შეეწყოთ. ისინი ეჭვობდნენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის კულუარული შიდა დაპირისპირების შესახებ ამბების მედიაში გაჟონვაში ბენონის ხელი ერია.


მიმდინარე კვირის დასაწყისში ჟურნალისტებმა დონალდ ტრამპს სტივ ბენონის მომავალის შესახებ ჰკითხეს, თუმცა პრეზიდენტმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი მრჩეველი კარგი ადამიანია და რომ ის რასისტი არ არის.


დონალდ ტრამპის ამ განცხადების შემდეგ, სტივ ბენონმა მემარცხენე-ლიბერალურ ჟურნალს American Prospect-ს ინტერიუ მისცა, სადაც მოულოდნელად ყველა თეთრკანიან რასისტს „მარგინალი ჯამბაზები უწოდა", ხოლო პრეზიდენტს ჩრდილოეთ კორეის მისამართით განცხადებების შერბილება ურჩია. მისი თქმით, ის ნაციონალიზმის მომხრეა მხოლოდ საგარეო ურთიერთობებში. ბენონის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყველა არ იზიარებს მის მოსაზრებებს, რის გამოც მას თეთრ სახლში ბრძოლა უწევს.


სტივ ბენონმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ყველაზე მეტ ხანს, 210 დღე იმუშავა.


ის საინფორმაციო საგენტო Breitbart News-ის დამფუძნებელია, რომელიც „ალტერნატიული მემარჯვენეების" რუპორად მოიაზრება. ვებგვერდზე ქვეყნდებოდა ულტრანაციონალისტური შინაარსის მასალები.









 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner