logo_geo
eng_logo
დღეს მუხრან მაჭავარიანს 87 წელი შეუსრულდებოდა...
- +

12 აპრილი. 2016. 21:54

 

 

ენძელა მაჭავარიანი:


დღეს, 12 აპრილს, მუხრან მაჭავარიანს 87 წელი შეუსრულდებოდა.


დიდ ქართველ პოეტს, რუსთაველის პრემიის ლაურეატს, მუხრან მაჭავარიანს ენძელა მაჭავარიანი იხსენებს:


„დღეს, 12 აპრილს, მუხრან მაჭავარიანს 87 წელი შეუსრულდებოდა.

ამ დღესთან დაკავშირებით მთაწმინდაზე, პოეტის საფლავთან მისი შთამომავლები, ახლობლები, მეგობრები, თაყვანისმცემლები შეიკრიბებიან და პანაშვდს გადაიხდიან უდიდესი ქართველი პოეტისა და პატრიოტის სულის სადიდებლად!"




მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.


1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერი"-ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.


პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.


მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ 1957-1963 წლებში, ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორად 1963-1964 წლებში, ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორად 1967-1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982-1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988-1992 წლებში.


მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.


მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.


 

 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner