ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თბილისს მონატრებულმა „აღმაშენებელზე" გავისეირნე. სწორედ იქით მომინდა დღეს გაქროლება....
მივჭენდი და რა?! ისინი უამრავნი იყვნენ (უცხოტომელები), ჩვენ, მათთვის გურჯები კი ალაგ-ალაგ! მე მათი არც მათი საუბარი მესმოდა და ვერც ტანით ვიგრძენი, ვინ არიან და საიდან და რატომ ამდენნი.
შემდეგ, როცა თეთრ ყვავად ვიგრძენი თავი მშობლიურ ქუჩაზე, ავიფოფრე და ბოლომდე რომ არ გადავრეულიყავი, ტაქსის გადავეღობე წინ, ახლავე გააჩერე-თქო! შევენთე სალონში და მძღოლს გაბრაზებულმა მივახალე საკუთარი მისამართი (არადა, მან რა დამიშავა?!) და მერე მთელი გზა ამეკვიატა:
- იარონ! იარონ! იარონ აღმაშენებელზე! აბა რა?! ოდესღაც ძალით გვიპყრობდნენ (ერთ ქართველზე 10, 50, 70 დუშმანი იწევდა ძალით!), ახლა კი ისე ნებიერად დაგოგმანებენ მათმიერვე ექვსჯერ გადამწვარ თბილისში, რომ სულ აღარ ჭირდებათ ჩვენი „შეშინება" შეძახილებით:
„ჰაიტ! გიაურო"!
„აღმაშენებელზე" არ იყო დღეს (ალბათ, არც გუშინ!) ჩემი თბილისი! და არც ჩემი საქართველო არ იყო დღეს იქ, აღმაშენებელზე! მე ვიყავი დღეს იქ სტუმარი, ის ვიღაცები კი.... მასპინძლები! ესაა სიმართლე და როგორც გნებავთ, ისე მიირთვით: გნებავთ, ცხელ-ცხელად და გნებავთ, ნელ-თბილად!
და სად ხარ დღეს დავით აღმაშენებელო?! რატომ აღარ გვყავხარ?! რომ იცოდე, როგორ გვჭირდები, ჩვენო მეფეო, დაბეჩავებულებსა და თავზე ნაცარ-წაყრილებს..."- წერს გაგუა.