შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. შს მინისტრმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერა ხანძრის გავრცელების არეალი და პირადად მივიდა იმ ტერიტორიაზე, სადაც მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ასრულებენ.
მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე, ხანძარი გაჩნდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე, მყისიერად ჩაერთნენ ცეცხლის სალოკალიზაციო სამუშაოებში. ხანძრის ქრობის პროცესში, ასევე, აქტიურად მონაწილეობდა შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერებამდე სახანძრო ტექნიკის მიყვანა ვერ ხერხდებოდა, რის გამოც სოფელ ყვიბისის მიმდებარე ტერიტორიიდან გზა გაიჭრა, რამაც ხანძრის ეპიცენტრში სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა შესაძლებელი გახადა.
200-მდე მეხანძრე-მაშველი ცეცხლის კერებს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა.
ამჟამად, ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მისი სალიკვიდაციო სამუშაოები.