სოფელ დაბაში ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა, გაიზარდა დაკვამლიანება, რის გამოც სტიქიასთან ბრძოლა გართულდა.
ეროვნული სატყეო სამსახურის უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ამ დროისთვის იწვის 5 ჰექტრამდე ტერიტორია.
„ხანძარი თითქმის ლოკალიზებული იყო, უბრალოდ, ახლა ხელს ქარი გვიშლის, ვერტმფრენი აგრძელებს მუშაობას. იწვის 2008 წლის აგვისტოს ომის ხანძრის დროს განადგურებული ხმელი ხეები. ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ტყის მასივზე არ გადასულიყო ხანძარი. ამ დროისთვის, იმავე ტერიტორიაზე ხდება ხანძრის გააქტიურება", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.