„რაღაც რომ გაწუხებს და ამოთქმა გინდა - ისე ვარ", - წერს პაატა კვიჟინაძე სოციალურ ქსელში.
„2 წუთი დამითმეთ, უცებ მოგიყვებით... ისედაც დიდი მესტატუსეობით არ გამოვირჩევი... მოკლედ, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე (ვინც არ იცით, ტურისტული კომპანია მქონდა) 2011 წელს ფინანსთა სამინისტროსთან დამეძაბა ურთიერთობა, მოვითხოვე რა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს უკან დაბრუნება. აბა, როგორა ხარო(?!) („ვის გაუბედე" ტონით) და დღგ-ს დაბრუნება კი არა, ისეთი ჯარიმა „მიფეშქაშეს", წლებია ვიხდი, ბოლოში ვერ გავედი და იძულებული ვიყავი, კომპანია დამეხურა. გასაჩივრებასაც აზრი არ ჰქონდა, სანამ ეგენი ისხდებოდნენ ხელისუფლებაში. ჰოდა, ჩემო კარგებო, „არაფერიც არ შეცვლილა" ტიპების გასაგონად უფრო ვყვები ამას - დღესაც მაქვს ტურისტული კომპანია, რომლის ძირითადი საქმიანობა საზღვარგარეთიდან ტურისტების შემოყვანაა. ჩემი ბიზნესიდან გამომდინარე (თუ „ჩესნად" მუშაობ) დღგ-ს ზედმეტობა მუდმივად გროვდება და ბიუჯეტში სულ ზედმეტობა გვაქვს. ისეთი მწარე გამოცდილება მივიღე, დიდხანს ვფიქრობდი, გამერისკა თუ არა, ისევ მომეთხოვა კუთვნილი ზედმეტად გადახდილი დღგ-ს დაბრუნება. ძნელია იმ გამოცდილების მერე ვინმეს ნდობა. მაინც გავრისკე და წერილი გავგზავნე შემოსავლების სამსახურში. გაგიკვირდებათ და ერთ კვირაში მორჩა ყველა პროცედურა... 10 დღეში თანხა უკან დამიბრუნდა. სტატუსებივით არც დითირამბები მეხერხება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან მსგავსი (ჯანსაღი) მიდგომა რიგ საკითხების მიმართ აღნიშვნის ღირსია. სულ ეგ იყო რა", - წერს კვიჟინაძე.