„ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის მასშტაბებიდან და რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის დროული ლიკვიდაციის მიზნით, საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ მიმდინარე წლის 20 აგვისტოს მოლაპარაკებები აწარმოა აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროსთან სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ვერტმფრენის ჩართვის შესახებ", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„21 აგვისტოს აზერბაიჯანულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს აღნიშნული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
აზერბაიჯანის საჰაერო ტექნიკა საქართველოს საზღვარს მალე გადმოკვეთს და საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ხანძრის ქრობის პროცესში.
საქართველოს მთავრობა მადლობას უხდის აზერბაიჯანულ მხარეს და პირადად აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს აღმოჩენილი დახმარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.