ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი.
„ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება დროულად ხერხდება. მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები. სამი ვერტმფრენი მუშაობს - 2 ქართული, 1 აზერბაიჯანული. ასევე ველოდებით დახმარებას თურქეთიდან 2 ვერტმფრენის სახით. ქარის გამო, ალაგ-ალაგ აალებები ხდება და ახალი კერები ჩნდება, თუმცა მათი ლოკალიზება მყისიერად ხდება", - განაცხადა გვაზავამ.
მისივე თქმით, ხანძრის ადგილზე 300 მეხანძრე, დაახლოებით 100 მეტყევე და მოხალისეები მუშაობენ ცოცხალი ძალის სახით.
რაც შეეხება ხანძრის ახალი კერების გაჩენის საფრთხეს, მისი განცხადებით, ძლიერი ქარის გამო არაფერია გამორიცხული.
„ძლიერი ქარის გამო ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ლოკალიზება მოვახდინოთ. შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით საგანგებო შტაბი. მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა. გაკეთდა გზები, შევიყვანეთ ტექნიკა და ყველანაირი გზით ვებრძვით სტიქიას. მე ვფიქრობ, 12 ჰექტარზე მეტია ამ ეტაპზე დამწვარი ხანძრის შედეგად", - განაცხადა თორნიკე გვაზავამ.