გაზეთი „პრაიმტაიმი" ფარული ჩანაწერების საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ წერს. გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სასტუმროს საქმიანობით დაინტერესდა და შესაბამისი ნივთმტკიცებები ამოიღეს.
„ფარული მოწყობილობები მონტაჟდებოდა კონსპირაციულ ბინებსა თუ იმ სასტუმროებში, სადაც თვალთვალის ობიექტები ჩერდებოდნენ. მიმდინარე გამოძიების პროცესში გამოძიება ქვეყნის მასშტაბით არაერთი სასტუმროს საქმიანობით დაინტერესდა. მედიაში გაიჟღერა მხოლოდ სასტუმრო „ბაზალეთის" სახელმა, თუმცა, ჩვენი წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაჰკითხეს სხვა არაერთი ასეთი ობიექტის თანამშრომლებიც.
ირკვევა, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი სწორედ სასტუმრო „ბაზალეთში" 2012 წლის მაისში გაკეთდა. კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის წინასაწარ ცნობილი გახდა, რომ სასტუმროს ნომერი დაჯავშნილი ჰქონდათ პოლიტიკურად აქტიურ პირებს.
ვაჟა ლელუაშვილის დავალებით და შსს-ს ჩინოსნების უშუალო მონაწილეობით, სასტუმროს ნომერი წინასწარ აღიჭურვა ვიდეოგადამღები ტექნიკით და ამ გზით უკანონოდ მოიპოვეს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები. როგორც ჩანს, კუდ-ი, ტექნიკური თვალსაზრისით, სხვადასხვა მეთოდს მიმართავდა. მაგალითად, ჩვენი ინფორმაციით, სპეცჯგუფი ნომრებში ათავსებდა კედელზე ჩამოსაკიდ სურათს, სადაც ფარული კამერა იყო ჩამონტაჟებული. გარდა კედლის სურათისა, ფარული გადაღებისთვის ისინი სასტუმროს ატრიბუტიკისთვის დამახასიათებელ სხვა ნივთებსაც იყენებდნენ.
უკვე დაკითხულია არაერთი სასტუმროს თანამშრომელი და ხელმძღვანელობა. იკვეთება თუ არა ამ დანაშაულში სასტუმროს მფლობელების ბრალეულობა და რა გზით ითანხმებდნენ მათ ნომრებში ფარული მოწყობილობის დამონტაჟებაზე? - ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს. დაზუსტებული ინფორმაციით, სხვადასხვა ასეთი ობიექტიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია სასტუმროს დაჯავშნის ვაუჩერები, თანამშრომელთა სია და სხვა სახის დოკუმენტაცია", - წერს „პრაიმტაიმი".