დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციას, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი ავთანდილ სურგულაძე გაუძღვნენ, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი პროექტ „Check in Georgia"-ს ფარგლებში, ურეკსა და შეკვეთილში 1 და 2 სექტემბერს გაიმართება. მონაწილე ქვეყნები არიან: საქართველო, ესპანეთი, იტალია, სომხეთი, თურქეთი.
ფესტივალს წელს სპეციალურად მოწვეული ფლამენკოს ჯადოქარი, ესპანური „ლა მონეტა" დაამშვენებს.
საქართველოს წარმოადგენენ ანსამბლები „რუსთავი" და „ბასიანი"".
„ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს გურიაში მეორედ ტარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული კოლექტივები და ქართველ მაყურებელს ქვეყნის ხალხურ შემოქმედებას გააცნობენ. შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი საღამო 2 სექტემბერს, „ბლექ სი არენაზე" გაიმართება. მაყურებელს ელოდება ყველაზე მრავალფეროვანი ფოლკლორული საღამო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციულ მუსიკასა და ცეკვას გააერთიანებს",- აღნიშნა მერაბ ჭანუყვაძემ.
ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.