პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტმა ლევან ლორთქიფანიძემ „TV პირველის" ეთერში ინგა გრიგოლიას გადაცემაში ინდუსტრიული ქალაქების პრობლემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა ტყიბულში, ქსანში, ჭიათურაში. ლორთქიფანიძე მიესალმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებებს, რომელმაც ტყიბულელების პრობლემაზე აქტიური საუბარი დაიწყო.
„ჩვენ, სტუდენტები, ძალიან დიდი ხანია მუშების პრობლემებზე ვსაუბრობთ. მათ შორის ტყიბულის პრობლემაზე, ჭიათურის პრობლემაზე, სხვა ინდუსტრიული ქალაქების პრობლემაზე, მაგრამ დღეს საქართველოში ამ ეტაპზე განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაა, იმიტომ, რომ გაფიცულია ტყიბული, გაფიცულია ქსანი, უმძიმესი მდგომარეობაა შექმნილი ჭიათურაში.
ძალიან კარგია, ქალაბატონმა ელისომ ასე აქტიურად დაიწყო საუბარი ტყიბულელებზე და ტყიბულელებს ასე აქტიურად იცავს საპარლამენტო ტრიბუნიდან.
ტყიბულელი მეშახტეები ითხოვენ კუთვნილს, არცერთი თეთრით ზედმეტს, არცერთი თეთრით ნაკლებს.
2011 წლის გაფიცვის შემდეგ ტყიბულელ მეშახტეებს ადგილობრივმა დამსაქმებელმა მისცა პირობა, რომ მოხდებოდა ხელფასის ინდექსაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც მოხდებოდა ინფლაცია, პროდუქტებზე ფასების გაძვირება და ა.შ. ადგებოდა ინვესტორი და გადახედავდა სახელფასო ბადეს და შეეცდებოდა, რომ მუშების მძიმე მდგომარეობა შეემსუბუქებინა.
ტყიბულის შახტა თავის ნედლეულს კონკრეტულ მყიდველზე ასაღებს დოლარებში. ანუ ისინი ვაჭრობენ დოლარის ფასით, ისინი ამ ვალუტაში მოძრაობენ, სამაგიეროდ ლარებს და გროშებს უტოვებენ ამ მუშებს და არ აძლევენ განვითარების შესაძლებლობებს.
ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში დაახლოებით 500-მდე მუშაა დაღუპული. სწორედ იმის გამო, რომ იქ ადგილობრივი ინვესტორები ტყიბულსა და სხვა ქალაქებში არ ცდილობენ და არაფერს აკეთებენ ამ საწარმოს მოდერნიზაციისთვის, რაც მთავარია, შრომის უფლებების და შრომითი გარემოს დაცვისთვის, შრომითი უსაფრთხოებისთვის. ამ დროს სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ბიზნესის დიქტატს ექვემდებარება.
ქალბატონ ელისოს ვეტყოდი, რომ მხოლოდ ივანიშვილს ან მხოლოდ ვოლსკის ნუ დაუსვამთ კითხვას, დაუსვით შეკითხვა ბატონ ბეჟუაშვილს, რომელიც წლებია საქართველოს პარლამენტში ზის, არის „ჯი აი ჯი" ჯგუფის ხელმძღვანელი, ის ნახულობს ამ ადამიანების სიკვდილზე, გაუბედურებაზე, მაღაროში დაღუპვაზე მოგებას, და თავის კოლეგებსაც მიმართოს. ესენი არიან ძალიან ორგანიზებული ჯგუფი საქართველოს პარლამენტში - ბატონი ბეჟუაშვილი, ოქრიაშვილი და სხვები, რომლებიც ბლოკავენ შრომის კანონმდებლობას, ბლოკავენ სახელმწიფოს ჩარევას ამ საკითხებში და ა.შ.", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.