ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
თამაზ ჩიქვანაიამ „დამასწრო", თავად ვაპირებდი რეცენზიის გამოქვეყნებას.
მიხარია, რომ ამ წიგნით კიდევ ერთხელ დადასტურდება ის ჭეშმარიტება, თუ გოჩა ხუნდაძის სახით რა კაცი ჰყავს ჩვენს ჟურნალისტიკას.
ისიც ნათელი გახდება, რომ ძალიან მაღალ და მნიშვნელოვან სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებში ბევრ „ბოსს" (სხვა „რამეში" არ აგერიოთ), დაუქვეითდა მხედველობა და სმენადობა, თორემ ასეთი გამოცდილი, ნიჭიერი პრაქტიკოსი (არაერთი, სხვათაშორის) ღირსეულად რომ არ არის გამოყენებული იმ სფეროში, რომელშიც სამარცხვინო „პარადი" უნიჭოთ და პრიმიტივებს მიყავთ, სირცხვილი არ არის?
გოჩა, გილოცავ!
თამაზ, მადლობა!
ისინი იმ მრავალრიცხოვან გუნდს წარმოადგენენ, რომლებმაც მართლაც ეპოქა შექმნეს წინა საუკუნის 80-იანი წლების ქართულ ტელე-რადიოჟურნალისტიკაში. ბევრი, სამწუხაროდ, განერიდა წუთისოფელს. ბევრი დღესაც ჯანზეა და ფორას მისცემს განათლებით, ნიჭიერებით, გამოცდილებით, შრომისმოყვარეობით და დაუღლელობით იმ ტიპაჟს, რომელსაც, საუბედუროდ, სულიერ სფეროში დანიშვნა-გადაწყვეტილებებზე რაღაც „საბოლოო" ადმინისტრაციულ-ბიუროკრატული გავლენა აქვს. ეს ის შემთხვევაა, როცა გულიანად შეიკურთხებს ობიექტური, დაკვირვებული კაცი და იტყვის: იმიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად.
თქვენ კი თავი მაღლა ასწიეთ, „შეუმჩნეველნო" და ჯეროვნად დაუფასებელო „ბებრებო"!!! დამსახურებულო კაცებო, ნიჭიერებო, ნაღდებო!!!
ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ ადამიანების დიდ გზაზე პირველ ნაბიჯებს თუ შემდგომ ხანგრძლივ, ღირსეულ სვლას მოკრძალებულად ხელი შევუწყვე.
კვლავაც გამარჯვებით გევლოთ, წინ, სულ წინ! იდღეგრძელეთ!
http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=51576