საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უახლოეს პერიოდში ჩაერთვებიან. საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადა ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის კერის ჩასაქრობად უკვე მობილიზებულია. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია. თავდაცვის უწყებისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა პირებმა უკრაინაში ვიზიტი გააუქმეს, რათა პირადად გააკონტროლონ ხანძრის ადგილზე მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს უკვე მიმართა. სტიქიის ზონაში სამხედრო ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სხდომას გამართავს.