„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის" თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი გახდეს. როგორც კასრელიშვილმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში განაცხადა, კვერენჩხილაძის მიერ პრეზიდენტის გუნდის დატოვებაც სწორედ ამიტომ მოხდა.
„კვერენჩხილაძის შესახებ ეს აზრი იმიტომ გაჩნდა, რომ კონსტიტუციინალისტია. გარდა ამისა, ის სახელმწიფო უნივერსიტეტის ე.წ. სტუდენტურ ბატალიებში - თითქოს პაპავას შემცვლელად მოიაზრებოდა. ახლა მასზეა ლაპარაკი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პრეზიდენტის კვოტით რომ გავიდეს. არ გამოვრიცხავთ ამას, რომ გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად პრეზიდენტის კვოტით გავიდეს. დროზე ადრე გაუშვეს გუნდიდან, იმიტომ რომ არ ერქვას პრეზიდენტის გუნდის წევრი და მასზე არ იყოს მარგველაშვილის გუნდის წევრობის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჟარგონს თუ ვიხმარ - გაასუფთავეს", - განაცხადა კასრელიშვილმა.
კასრელიშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილთან გარკვეული გარიგებებიც მოხდეს.
„არ გამოვრიცხავთ, რომ პარლამენტში მარგველაშვილის მხრიდან გარკვეული გარიგებებიც მოხდეს, რადგან ახლა აღარ არის მარტო „ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში. ახლა უკვე ოპოზიციაში არიან „რესპუბლიკელები" და „ფორუმელებიც", - განაცხადა კასრელიშვილმა პორტალ „კვირას" პრესკლუბში.