ესე იგი, საქართველოში ნებისმიერ უბედურებას ბევრი სათავისოდ იყენებს. ამ მხრივ უფრო აქტიურობენ ხოლმე „ნაციონალები" და მათთან გათანაბრებული ნაძირალები. დიახ, დიახ, ნაძირალები, არც მეტი და არც ნაკლები. მოდით, ვნახოთ ფაქტები, დანარჩენზე კი შემდეგ ვიმსჯელოთ. დავიწყოთ „რუსთავი 2"-ით, რომელსაც ვირეშმაკა ნიკა გვარამიამ ქებით ძირი გააგდებინა: აი, პროფესიონალები, ნახეთ, რა მაგრად მუშაობენ, ყველა ჩვენ გვიყურებსო. არადა, ვინც ცოტაოდენ მაინც ერკვევა ამათ მდარე ხარისხის პიარ-ტექნოლოგიებში, ყველამ იცის, როგორ ადენენ ბოლს ნაცარქექიებივით იქ, სადაც უბრალო კვამლიც კი არ არსებობს. გაიხსენეთ „რუსთავი 2"-ში გაჩენილი ე.წ. ხანძარი. ალბათ, ისიც გემახსოვრებათ, როგორ დარბოდნენ ნოდარ მელაძე და ვინმე თამარ ბაღაშვილი უკვამლო ოთახებში და ამტკიცებდნენ, არიქა, გამოგვებუგა აქაურობაო. ასე მოიქცნენ ამ დღეებშიც, როცა ბორჯომში ჩაქანდნენ და „ტრიუკების" მთელი სერია ჩაატარეს. ნახეთ, რას წერს ნინო გუგეშაშვილი:
„გუშინ ერთი ჟურნალისტი მიქოშინებდა ცეცხლიან ფერდობზე ლაივში, იპოვა განაპირა დაბალი ცეცხლი, აი, აქ არავინ მუშაობსო, მიტოვებულია ეს მონაკვეთიო, ხან პირბადე გაიკეთა, ხან კვამლს შეუვარდა, ცხელ წერტილში მუშაობის მასტერკლასს ატარებდა, ახველა, აი, ასეა მიტოვებული ცეცხლი, არავინ აქრობსო. გადაუფრინა ამ დროს თავზე ვერტმფრენმა, გადმოასხა წყალი, გაეწუწათ ობიექტივი".
ასიანია, ეგრე იქნებოდა, „რუსთავორელებს" აქვთ საიმისო ნიჭი, რომ დღეების განმავლობაში ქოშინით ირბინონ და დიდი ტრაგედია დახატონ. თან ისეთ კოშმარულ ფიზიონომიას მიიღებენ, თუ ვერ ერკვევი, შეიძლება მართლა დაგზაფრონ და შეგაშინონ.
ე.წ. ჟურნალისტიკიდან გადავიდეთ „ნაციონალურ" პოლიტიკაზე და ვნახოთ, როგორ იყენებენ სიტუაციას მიხა სააკაშვილის „პადელნიკები" (ზოგიერთი აღარც კი არის „პადელნიკი, მაგრამ როგორც ამბობენ, ყოფილი „ნაცი" არ არსებობს). მაგალითად, ნუგზარ წიკლაური ისევ გახლავთ ჩაციკლული მიშას „სუპერ-პუმებზე", რომლებიც სააკაშვილის მასაჟის კაბინეტები უფრო იყო, ვიდრე თვითმფრინავები:
,,სუპერპუმების" არგამოყვანა არის საბოტაჟი და სისხლის სამართლის დანაშაული".
„მთავარი სტიქია მთავრობაა"!
"საქართველოს ეს ვერტმფრენები ჰყავს და დამნაშავე მთავრობა არ იყენებს ცეცხლის ჩასაქრობად. ციხეებში ჩაჯდებიან ამ დანაშაულისთვის".
აბა, თუ ერთი სიტყვა მაინც დასცდეთ დამწუხრებული ადამიანების პოზიციებიდან. მხოლოდ ციხეებით და გაციმბირებით იმუქრებიან. პრინციპში, როგორც იყვნენ მიჩვეულები, იგივეს აგრძელებენ, ოღონდ ახლა მხოლოდ თეორიულად, ტრაკი და ძალა აღარ გააჩნიათ. არადა, ვისი რა დამჭერ-დამსჯელია ნუგზარ წიკლაური, რომელიც თავის დროზე "ნაცმოძრაობიდანაც" კი გამოიქცა, აქ არავის ვჭირდები, არაფერს მავალებენ, ჩემი ადგილი არ არისო? მერე რაღაცნაირად შეძვრა, ცოტა მოიკეთა, მიხასაც დაუახლოვდა და ჰეეეეეე... უბერავს ახლა თავისებურად!
მეორე იდეოლოგი „ნაცებისა" გახლავთ მაია ორჯონიკიძე, რომელიც ყველაფერს რუსებს აბრალებს. კაი, ბატონო, რუსებს თავიანთი ცოდვებიც ბევრი აქვთ, ოკუპანტები არიან, მაგრამ წინასწარ ყველაფრის გადაბრალება ხომ დიდი ცოდვაა? ჯერ გამოიძიე, შე ქალო, დაადგინე, გაარკვიე და მერე გააჩაღე ბრძოლა პუტინის წინააღმდეგ. აი, მისი მარგალიტებიც:
"მადლობა რუს "ტურისტებს" და საქართველოს "მთავრობას"!
არცერთი იყო ტურისტი და არც მეორე - მთავრობა, ორთავე მურდალი რუსეთის აგენტები იყვნენ".
„ამ ხნის ქალი ვარ, ცხელი ზაფხულების მეტი რა მინახავს და მსგავსი არაფერი მახსენდება.
ჰო, აგვისტო რომ რუსი აგრესორების საყვარელი თვეა, ისიც ვიცი... ამდენი რუსი "ტურისტიც" არავის ახსოვს და შედეგიც სახეზეა-მე შენ გეტყვი, ვინმე გააკონტროლებს ერთადერთი ასანთის ან ბენზიანიანი ბოთლის გადაგდებას სადმე ტყეში... ასე დამპლურად, ჩუმად და არაკაცურად ებრძვიან დღეს საქართველოს, რომელსაც პატრონი არ ჰყავს და ცეცხლის ალშია გახვეული. რუსების ოკუპირებულ ქართულ მიწაზე რომ ერთი ბალახიც არ დამწვარა-ესეც ფაქტია"!
როგორც ხედავთ, ორჯონიკიძეს აქცენტი რუს ტურისტებზე აქვს გადატანილი, პირდაპირ ადებს ხელს. მისი თქმით, დღეს ასე ებრძვიან საქართველოს, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. კი, მაგრამ 2010 წელს აწყურში 300 ჰექტარი ტყე რომ განადგურდა, მაშინ ჰყავდა პატრონი? 2006 წელს აბასთუმანში 600 ჰექტარი ტყე რომ დაიწვა, ჰყავდა პატრონი? 2010 წელს სამცხე-ჯავახეთში ათობით ხანძრის კერა იყო. ამ ხანძრებიდან ყველაზე მასშტაბური აგვისტოს თვეში აწყურისა და ბორჯომის ხანძრები იყო. სტიქიის შედეგად აწყურში 300, ბორჯომში კი 20 ჰექტარი ტყე განადგურდა. მაშინ ჰყავდა პატრონი? 2006 წლის აგვისტოს თვეში, ოფიციალური მონაცემებით, 421 ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა, სად იყო პატრონი?!
გასაგებია, ყველა შემთხვევა არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია, მაგრამ რაღაცების დავიწყება და სხვისკენ თითის გაშვერა იოლია. არ შეიძლება, უბედურება საშენოდ გამოიყენო და მუდმივად ყველაფერი სხვას გადააბრალო!
გელა ზედელაშვილი