საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ სტიქიებთან დაკავშირებით სოციალური ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ბოლო დღეებში ჩვენ ყველანი განსაკუთრებულად დავიღალეთ, დავიღალეთ ემოციურად, მორალურად, ფიზიკურად... მართლაც მძიმე სანახავია გაუთავებელი ხანძრები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეს თვალწინ გვისპობენ... რაც არ უნდა აზრთა სხვადასხვაობა იყოს, კარგია, რომ ჩვენ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანას ჰყავს გმირი მაშველ-მეხანძრეები, ვამაყობთ მათი თავდადებით და დამსახურებულადაც.
სხვა თემაა ხანძრების გამომწვევი მიზეზები...
ქართველები სულსწრაფი ხალხი ვართ და ხშირად სიტუაციების დრამატიზება გვჩვევია - სტიქიურ მოვლენებსაც უკვე ვუწოდეთ დივერსია...ვუწოდეთ, ისე, რომ გამოძიების შედეგებს არ დაველოდეთ... ყველაფერი გვინდა ვიცოდეთ დღეს, ახლავე.... არ მგონია ეს სწორი იყოს.
იყო კი ეს დივერსია?
შორს არ წავალ და ამ წლის, ამ თვის, ზუსტად ახლა მიმდინარე მოვლენებს შევეხები - პორტუგალია ცეცხლში იწვის.
დიახ, საქართველო ევროპის ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ზაფხულის ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა. დააზარალა და თანაც უფრო მძიმე შედეგებით, ვიდრე, საბედნიეროდ, ეს ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშია.
ქვეყნის მასშტაბით ცეცხლმა ერთდროულად 268 ადგილზე იფეთქა. ხანძარმა უკვა 64 ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა დაშავდა 250 ზე მეტი ადამიანი.
მთავრობამ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და მოსახლეობას მოსალოდნელი ეპიდემიის შესახებ აცნობა.
მსოფლიოს მედიას თვალი რომ გადავავლოთ, მხოლოდ წელს, ეს ზაფხულის ხანძრების ერთადერთი შემთხვევაც არ არის - ხანძრებია საფრანგეთში, ესპანეთში, საბერძნეთში...
ასე, რომ მგონია სჯობს, ეს ჩვენი სულსწრაფი ხასიათი "გვერდზე გადავდოთ", მოვიშოროთ აზრი, რომ ყველაფერი საშინელება მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში ხდება და დაველოდოთ გამოძიებას.
ერთხელ მაინც, ხომ შეიძლება "დიაგნოზი" არ დავსვათ იქ, სადაც ჩვენი კომპეტენცია არ არის", - წერს ხოსიტაშვილი.