logo_geo
eng_logo
ნიკო ლეკიშვილი: შეიძლება ზოგიერთმა ჩაიცინოს კიდეც, რაღა დროს ნიკო ლეკიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებააო... რატომ?
- +

12 აპრილი. 2016. 12:38


ბატონ ნიკო ლეკიშვილს თბილისის მერობა რთულ დროს მოუწია. ალბათ, გახსოვთ ის პერიოდი: უშუქობა, გაზის დეფიციტი, პურის გრძელი რიგები, ქუჩებში ათასი ჯურის შეიარაღებული ადამიანები... ორი წლის დაძაბული მუშაობის შემდეგ ლეკიშვილმა ქალაქში ნაწილობრივი წესრიგის დამყარება მოახერხა. ამის შემდეგ ამ თანამდებობაზე რამდენიმე ადამიანი გამოიცვალა, მაგრამ თბილისელებს ლეკიშვილი დღემდე ახსოვთ. ამის ნათელი დადასტურებაა ის გამოკითხვა, რომელიც ერთ-ერთმა ქართულმა გაზეთმა ჩაატარა და ბატონმა ნიკომ `თბილისის საუკეთესო მერის~ ნომინაციაში ორჯერ იმარჯვა.


20 აპრილს ნიკო ლეკიშვილს დაბადებიდან 69 წელი უსრულდება. რამდენიმე დღის წინ ქალაქის ყოფილ თავს სახლში ვეწვიე


- ღმერთის წყალობით თავს კარგად ვგრძნობ. ასაკი ჯერ თავს არ მახსენებს. მოგეხსენებათ, ახალგაზრდობაში წყალბურთზე დავდიოდი და საცურაო აუზს დღესაც ყოველდღე ვსტუმრობ. ამის გარდა, ფეხით ხშირად ვსეირნობ.


- ცოტა ხნის წინ თქვენს ერთ ძველ ინტერვიუს გავეცანი და აღმოჩნდა, რომ თქვენი მერობის პერიოდში, თბილისში მხოლოდ ორი მშენებლობის ნებართვა გაგიციათ!


- მართალი ბრძანდებით. დღესაც კარგად მახსოვს, რომ ერთი სახლი გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის კუთხეში აშენდა, მეორე კი ქაშუეთის ეკლესიის უკან. საქმე ისაა, რომ იმ დროს თბილისში მშენებლობების არც მოთხოვნა იყო და არც საამისო სახსრები არსებობდა. ეს ყველაფერი 2000 წლიდან დაიწყო და დღეისთვის ის მახინჯი ფორმები მიიღო, რასაც ვხედავთ. გულისტკივილის გარეშე თბილისის ქუჩებში ვერ გამივლია ისეთი სახე მიიღო ამ უკონტროლო მშენებლობებმა.


- ეს ფაქტორი რას უნდა მივაწეროთ?


- არსებობდა თბილისის განვითარების ე.წ. გენერალური გეგმა, რომელსაც მოქმედების ვადა 2000 წელს ამოეწურა, მის განახლებაზე კი დღემდე არავის უფიქრია. ამავე დროს შემოვიდა ე.წ „კოეფიციენტის გადასახადიც". რას ნიშნავს ეს. მაგალითად, მშენებელს სამსართულიანი სახლის აგების უფლება მისცეს. თუ დამატებით გარკვეულ თანხას გადაიხდიდა, შეეძლო ეს სამი სართული ათად ექცია. ეს მავნე ტენდენცია ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების" მოსვლამდე გრძელდებოდა. დღეს კი შეჩერებულია მაგრამ ასობით ძველი გაცემული ნებართვა მაინც არსებობს. თითოეულის გასაჩივრებასა და სასამართლოებში ბჭობას დიდი ენერგია, დრო და ძალა სჭირდება. ამიტომ უსახური სახლების რაოდენობა თბილისში კვლავ მატულობს. ერთსაც გეტყვით. ძველი გენერალური გეგმის თანახმად, სპორტის სასახლის უკან ბინათმშენებლობა გათვალისწინებული არ ყოფილა. უნდა გაშენებულიყო აკადემიური ქალაქი და რამდენიმე კვლევითი ინსტიტუტი. ეს შენობები 2-3-სართულიანები უნდა ყოფილიყო. თავად იცით, დღეს რას დაემსგავსა იქაურობა.


- დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს მშენებლობები ვერ აღკვეთა, თქვენ კი რამდენიმე თვეში ქალაქი ჯიხურებისგან გაათავისუფლეთ...


- მიმაჩნია, რომ მაშინ მეტი პრინციპულობა გამოვიჩინე, ვიდრე ამჟამინდელი ხელისუფლება დღეს ავლენს. მარტო სადგურის მოედანზე რვა ათასი ჯიხური იყო განლაგებული. „ბუტკები" თბილისის იერსახეს ამახინჯებდა. ვიცოდი, რომ თითოეული ამ ნაგებობის უკან რამდენიმე ოჯახი იდგა. ამის მიუხედავად, მათი აღების არაპოპულარული ნაბიჯი მაინც გადავდგი. რა არ გადავიტანე მაშინ: სახლში მოვარდნები, ოჯახის წევრების დაშინება, ჩემს საწინააღმდეგოდ მოწყობილი უამრავი მიტინგი. ერთიც მინდა გითხრათ. ეს „ბუტკები" კი არ გაგვინადგურებია, არამედ სხვა ადგილებში გადავიტანეთ. ამით მათ მფლობელებს სასამართლოში ჩივილის შესაძლებლობა მოვუსპეთ.


- როგორც მახსოვს, მერობის დროს შეიარაღებულ დაჯგუფებებთანაც არაერთი კონფლიქტი გქონიათ.


- მქონდა. საწვავს ქალაქის ცენტრში, ყოველგვარი ზედამხედველობის გარეშე ასაღებდნენ. ეს ნამდვილი ანარქია იყო. ხომ არ შეიძლებოდა, იგივე ოპერის თეატრის წინ, საწვავით ვაჭრობა... დავიბარეთ ეს ხალხი, ქალაქის მასშტაბით სპეციალური ადგილები გამოვუყავით და ბენზინგასამართი სადგურების აგებაც დავიწყეთ. რასაკვირველია, დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი. ერთ დილასაც თავისუფლების მოედანზე 200-250 ბენზინმზიდი მანქანა მომივარდა. მილიცია კურდღელივით დაფრთხა და ამ მოვლენებს შორიდან უყურებდა, არც გაემტყუნებოდათ - არც იარაღი ჰქონდათ და მოძრაობითაც საკუთარი „ჟიგულებით" დადიოდნენ. გამოვედი მერიის შენობიდან, „აჯანყებულებს" შევხვდი და მათთან დიდი დაპირისპირება და შელაპარაკება მომიხდა. ამ პრობლემის მოგვარებაში ისევ თბილისელობამ მიშველა. პირდაპირ ვუთხარი, რომ, თუ ქალაქელები არიან, თბილისისთვის პატივი უნდა ეცათ და ქალაქის მოწესრიგებაში დაგვხმარებოდნენ. საბედნიეროდ, დამიჯერეს და ქუჩებში საწვავის გაყიდვამ ცივილიზებული სახე მიიღო.


- ცნობილია, რომ ქართულაფხაზური, ასევე, სამხრეთ ოსეთის პრობლემების გადაჭრაზეც მუშაობდით...


- 1996 წელს, როდესაც სახელმწიფო მინისტრი ვიყავი, მომივიდა ხმები, რომ აფხა ზებს ქართველებთან დიალოგი სურდათ. ამავე დროს ჩემმა მეგობარმა პრიმაკოვმაც დამირეკა და სოხუმში ჩასვლა მირჩია. ერთ დღესაც მე, რამდენიმე მინისტრი და ბიზნესმენი თემურ ჭყონია აფხაზეთში გავეშურეთ. ვიცოდი, რომ აფხაზებს რამდენიმე ერთობლივი ეკონომიური პროექტი ჰქონდათ და თბილისელი ბიზნესმენის წაყვანაც მსურდა. სამწუხაროდ, ჭყონიას გარდა, ჩვენთან ერთად წამოსვლა ყველას შეეშინდა. ჩავფრინდით ადლერში, იქიდან კი სოხუმში გადავედით. აფხაზებმა შესანიშნავად მიგვიღეს და იგრძნობოდა, რომ მოლაპარაკებებზე წამომსვლელები იყვნენ. რასაკვირველია, პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი არ ყოფილა, რადგან პირდაპირ მიგვანიშნეს, რომ ამ ამბავს რუსეთის გარეშე ვერ გადავწყვეტდით. არძინბას, ბაღაფშსა და მთავრობის სხვა წევრებს რამდენჯერმე შევხვდით. უპირველეს ყოვლისა, „ენგურჰესის" პრობლემა მოვაგვარეთ, რადგან მანამდე აფხაზებს, როდესაც სურდათ, შუქს მაშინ გვითიშავდნენ. ეს ამბავი ქართული მხარისთვის დადებითად გადაწყდა. მოგვარდა სატელეფონო საუბრების თემაც. ჩვენთან ერთად კავშირგაბმულობის იმდროინ დელი მინისტრი ფრიდონ ინჯიაც იმყოფებოდა და მისი დიდი მცდელობით გადაწყდა რომ სოხუმი რუსეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებს უშუალოდ თბილისის მეშვეობით დაუკავშირდებოდა. ე.ი. სატელეფონო ზარი ჯერ ქვეყნის დედაქალაქში შემოდიოდა, აქედან კი უცხოეთში გადიოდა. აფხაზებს სურდათ ადგილობრივი წისქვილკომბინატის განკერძოება. ამისთვის ერთობლივი საწარმოს შექმნა შემოგვთავაზეს. ამის გარდა, თურქეთიდან შემოსული თხევადი გაზის ხარისხითა და ფასით უკმაყოფილოები იყვნენ და თქვენ შემოიტანეთო, - გვითხრეს. ასევე, სურდათ, რომ საწვავი ქართულ მხარეს შეეტანა. რასაკვირველია, ყოველივე ამაზე დასტური მივეცით, მაგრამ... დავბრუნდით თბილისში და აფხაზეთიდან ლტოლვილებმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და იმ დროს არსებულმა ოპოზიციამ სულ მოღალატეები გვეძახა. ამის გამო ერთობლივი ბიზნესპროექტის იდეები ვერ განხორციელდა. იმასაც მაყვედრიდნენ, ფულის გათეთრება უნდა და აფხაზებს იმიტომ შეეკრაო. დარწმუნებული ვარ, აფხაზებთან დაახლოების ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. რასაკვირველია, გლობალურ პოლიტიკურ საკითხებს ვერ ვწყვეტდით, მაგრამ მთავარი იყო ამ ორ ხალხს შორის თავდაპირველად თუნდაც ეკონომიკური ურთიერთობა მომხდარიყო. შემდეგ უკვე გალის ცნობილი მოვლენები და ეს იდეები საერთოდ აღარავის ახსოვდა. შემდეგ ხელისუფლებაში ახალი ხალხი მოვიდა და საერთოდ ყველამ მიივიწყა.


- ამ თემასთან დაკავშირებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი კონრად ადენაუერი მახსენდება. იცით, ადენაუერმა რა გააკეთა? - მიუხედავად იმისა, რომ ამხელა ქვეყანა წაართვა, საბჭოთა კავშირში რამდენჯერმე არაოფიციალურად ჩავიდა და სტალინთან შეხვედრასაც ეცადა, მაგრამ რახან სტალინმა არ მიიღო, მოლოტოვს შეხვდა. 1955 წელს კი, საბჭოთა კავშირთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა.


- რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს. მაშინდელ მათ ლიდერთან ჩიბიროვთან ჩინებული ურთიერთობა მქონდა. მოვახერხეთ და ცხინვალთან კარგი ეკონომიკური კავშირები დავამყარეთ. თოფაძემ იქ ლუდის გაყიდვა დაიწყო, ჭყონიამ კი - „კოკა-კოლასი". ამის გარდა, თბილისში ოსეთში წარმოებული მინერალური წყალი „ბაგიათას" გასაღებას შევუდექით. ამ ნაბიჯებმა ის გამოიწვია, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ლარმა მიმოქცევა დაიწყო და რუსულ რუბლს ტოლს არ უდებდა. სამწუხაროდ, ჩიბიროვი თანამდებობიდან მალე წავიდა, „ნაციონალების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ქართულ-ოსური ურთიერთობები როგორ განვითარდა, ყველამ კარგად ვიცით.

 

- შემდეგ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობიდან საკუთარი სურვილით გადადექით...


- ეს თანამდებობა ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა. საჩემო ადგილი თბილისის მერობა გახლდათ და სხვაგან მუშაობა არ მსურდა. სამწუხაროდ, იმდენჯერ მთხოვეს, რომ უარი ვეღარ ვუთხარი და დავთანხმდი. იმ დროს სახელმწიფო მინისტრს რეალურად არავითარი ძალაუფლება არ ჰქონია. გადაწყვეტილებებს უშუალოდ ედუარდ შევარდნაძე და მთავრობის სხვა წევრები იღებდნენ. თანაშემწე რომ ამეყვანა, ბრძანებაზე ხელი ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მოეწერა. საკმაოდ პრინციპული ადამიანი გახლავართ და ამას ვერ ვეგუებოდი. ამის გამო არაერთ მინისტრთან გარკვეული უთანხმოებაც მქონდა. როცა უშიშროებამ ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამსახურისა და „ოდეერების" ინსტიტუტის აღდგენა დააპირა, ვიზა არ მივეცი და უშიშროების მაშინდელ მინისტრთან, შოთა კვირაიასთან კონფლიქტი მომივიდა. ახლაც მიმაჩნია, რომ „ოდეერების" ინსტიტუტი, რომელიც მაშინ მოიშალა, როცა უშიშროების მინისტრად ირაკლი ბათიაშვილი მოვიდა, დამღუპველია. მოკლედ, ვიზა მე არ მივეცი, მაგრამ კვირაია შევარდნაძესთან შევიდა და ხელი მოაწერინა. „ოდეერი" კორუფციის წყარო გახდა. მაგალითად, რკინიგზით ნავთობი ან ხორბალი მოდიოდა, „ოდეერი" გააჩერებდა და ვიდრე ფულს არ მისცემდნენ, არ უშვებდა. ავიღოთ კიდევ ერთი მაგალითი. ჩემი წინააღმდეგობის მიუხედავად, მიიღეს დადგენილება, რომ უცხო ქვეყნებში ჩამოსასხმელი ღვინო გასაყიდად გაეტანათ. ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ მოლდოვაში გასაყიდად დაახლოებით 2 ათასი ტონა ხვანჭკარა გაუტანიათ. ასეთი შემთხვევა ბევრი იყო და, ბოლოსა და ბოლოს, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მივიღე.


- ამბობდნენ, რომ ბევრი მტერი გყავდათ, რომლებსაც თქვენი შესაძლო გაპრეზიდენტებისა ეშინოდათ. ასე იყო?


- პირდაპირ გეტყვით, რომ პრეზიდენტობა არასდროს მსურდა. ისიც ვიცი, ბინძურ ჭორებს ვინ მიგორებდა. ერთხელ ვითომცდა ჩემმა სიძემ ნუგზარ შევარდნაძე დააყაჩაღა, ერთხელაც ვითომ ჩემმა ვაჟიშვილმა რაღაც დანაშაული ჩაიდინა, არადა ორი ქალიშვილის მამა გახლავართ. უკეთეს მაგალითს მოგიყვანთ. როდესაც თბილისში უშუქობის დრო იდგა, სახლში პატარა შვილიშვილი მყავდა და ბავშვის ოთახის გასანათებლად მომცრო „დვიჟოკი" ვიყიდე. ერთ დღესაც ხმაური შემომესმა, გავიხედე და ჩემი სახლის წინ ასიოდე ადამიანი დავინახე. ისინი ჩემი ბინიდან გამოსულ შუქს აპროტესტებდნენ. ამათგან ერთი განათების ბოძზე იყო ასული და ჩემს ბინაში შემავალ „ლევი ხაზს" ეძებდა. ეს ადამიანი ერთ-ერთი სოლიდური გაზეთის მთავარი რედაქტორი გახლდათ


- სახელმწიფო სამსახურში დიდი გამოცდილება დააგროვეთ. „ნაციონალური მოძრაობა" გასაგებია, „ქართულ ოცნებას" სამსახური არ შემოუთავაზებია, ან თუნდაც თბილისის განვითარების საქმეში დახმარება არ უთხოვიათ?


- სამსახური არ შემოუთავაზებიათ და არც მე მითხოვია. ამ ცხოვრებაში საკუთარი პრინციპები მაქვს და გარკვეულ ნაბიჯებს არასდროს გადავდგამ. რასაკვირველია, ამ მთავრობის წევრებს კარგად ვიცნობ, დავით ნარმანიასაც რამდენჯერმე შევხვედრივარ, მაგრამ არანაირი შემოთავაზება მათგან არ ყოფილა.


- ამჟამინდელ ხელისუფლებაზე რას გვეტყვით?


- რა გითხრათ, წინამორბედებს აშკარად სჯობიან და ქვეყანა ნორმალურ დინებაზე დააყენეს. რასაკვირველია, შეცდომებიც აქვთ. ამათგან უმთავრესად მაინც უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ხალხისთვის დაბრუნების საკითხის გაჭიანურება მიმაჩნია. რამდენიმე ათასი ასეთი საქმე ჯერ კიდევ დაუმთავრებელია. თითოეული ამ ფაქტის უკან უამრავი გაწამებული ოჯახია და ისინი დღემდე სამართალს უშედეგოდ ეძებენ. ისიც კი არ ესმით, რომ ახალი არჩევნები ახლოვდება და მარტო ამ ხალხის სახით პოტენციური მოწინააღმდეგეები შეიძინეს.


- თბილისის ამჟამინდელ მერს როგორ შეაფასებთ, ან რას ურჩევთ?


- ვურჩევდი, ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის სასწრაფოდ გაკეთებას. უამისოდ თბილისი ვერ განვითარდება. თავად განსაჯეთ. საცხოვრებელი უბნების მეტი ნაწილი უზომოდ გადატვირთულია. ვაკის რაიონი ავიღოთ. ბოლო წლებში მისი მოსახლეობის რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ამ დროს საკომუნიკაციო საშუალებები ძველ დონეზე დარჩა. ეს ეხება როგორც სანიაღვრე კოლექტორებს, ასევე, საკანალიზაციო სისტემას. ამ პრობლემას დროზე თუ არ მიეხედა, ერთ მშვენიერ დღეს იფეთქებს და ქალაქში შარშანდელი მეწყერის მსგავსი ტრაგედია დაგვიტრიალდება.


- ბატონო ნიკო, ისევ ჭორებს მინდა დავუბრუნდეთ.


- ვიცი, ეხლა რასაც მკითხავთ და თავად გიპასუხებთ. არანაირი მილიონერი მე არ ვარ. ვისაც უნდა დაიჯეროს, ვისაც - არა, იმას თბილისურად დაველაპარაკები. რუსთაველის პროსპექტზე მე სახლები არ გამიყიდია. ვინც ეს გააკეთა, მოგვიანებით გამოჩნდა. ჩემს ბიზნესებს რაც შეეხება. თავის დროზე წილი მართლა მქონდა „კოკა-კოლაში" და გავყიდე. ამჟამად რაჭაში პატარა ღვინის ქარხანა და ვენახები მაქვს და მეგობრებთან ერთად ვამუშავებ. დიდი შემოსავალი არ მაქვს, მაგრამ მე და ჩემს ოჯახს გვყოფნის. რაც შეეხება გამოთქმას „თბილისი ნიკოსია". მას თავისი ისტორია აქვს. დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ თბილისის მერი გავხდებოდი, ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ხმელთაშუა ზღვაზე გემით ვმოგზაურობდი. ერთ დღეს კვიპროსის ქალაქ ნიქოზიას ვეწვიეთ, სადაც ტრადიციული ღვინის ფესტივალი იმართებოდა. გაიმართა რამდენიმე კონკურსიც, სადაც სიმღერა მომიწია. საღამოს დასასრულს ქალაქის საპატიო გასაღები გადმომცეს. ჩემი მეგობრები ხუმრობდნენ, რაღა „ნიქოზია ნიკოსია" უნდა იყოს, არ სჯობს, ჯერ „თბილისი ნიკოსია" იყოსო. აქედან წამოვიდა და წამოვიდა. ზემოთ სიმღერა ვახსენე და ერთხელ „თბილისობაზე" ნანი ბრეგვაძესთან ერთად სიმღერა „თბილისო" შევასრულე. მეორე დღეს გაზეთშიც დაიწერა, ნიკო ლეკიშვილს სიმღერაც არ სცოდნიაო. კარგი რა, ადამიანო, ვთვლი, რომ მერობის დროს გარკვეული შეცდომები მართლა მქონდა, მაგრამ სიმღერას რაც შეეხება, ეს საქმე კარგად გამომდის და ამ მხრივ, კრიტიკა უნამუსობაა. სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას სიმღერასა და ახლობლებთან ერთად დროის გატარებას ხშირად ვერ ვახერხებდი. სამაგიეროდ, ეს დანაკლისი 2008 წლის შემდეგ, რაც პოლიტიკიდან ოფიციალურად წამოვედი, „ათმაგად" ავინაზღაურე.

 

- ბოლოს გკითხავთ, ამბობენ, მიმდინარე წლის არჩევნებში ნიკო ლეკიშვილიც მიიღებს მონაწილეობასო, მართალია?


- ამ საკითხზე ხშირად ვფიქრობ. არ დაგიმალავთ და რამდენიმე ჯგუფის მიერ გარკვეული შემოთავაზებები ნამდვილად მაქვს. თუ მონაწილეობას დავთანხმდი, ან რაჭაში, ან თბილისში, პლეხანოვზე მაჟორიტარად აუცილებლად ვიყრი კენჭს. დარწმუნებული ვარ, თუ არ გააყალბეს, მოვიგებ. ახლა შეიძლება ზოგიერთმა ჩაიცინოს კიდეც, რაღა დროს ნიკო ლეკიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებააო... რატომ? კლინტონი და ტრამპი ჩემი ასაკისანი არიან, სანდერსი ჩემზე ბევრად უფროსია და აშშ-ის პრეზიდენტობაზე იყრის კენჭს. ჩემთვის თბილისის სამსახური ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ეს არის ის ფაქტორი, რამაც დიდ პოლიტიკაში დაბრუნებაზე დამაფიქრა.

 

გიორგი გაჩეჩილაძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner