ურეკისა და შეკვეთილისთვის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 155 ათას ლარს შეადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, 23 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში წაქცეულია ხეები, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გარე განათების კონსტრუქციები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები და კომერციული ფართები.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის ზონაში გურიის ახალდანიშნული გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე იმყოფებოდა. გუბერნატორი ურეკსა და შეკვეთილში მიმდინარე გაწმენდით სამუშაოებსაც დაესწრო.
„სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები გუშინვე დაიწყო, გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. სულ ურეკსა და ნატანებში დაზიანდა 19 საცხოვრებელი სახლის სახურავი. ზარალის ოდენობამ შეადგინა 155 000 ლარი. მადლობას ვუხდი ყველა მუნიციპალურ და სამაშველო სამსახურს ოპერატიული რეაგირებისა და გაწეული სამსახურისთვის",- აღნიშნა გურიის გუბერნატორმა.