რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, თუ ქარმა არ შეუშალა ხელი, ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება ხანძარი.
„ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში, რაც აქ ვიმყოფებით, 15-დან 18 საათამდე ქარი ძლიერდება ხოლმე, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა, თუ ასე გაგრძელდა, როგორც ამჟამად არის, ვფიქრობ, რომ ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება. ჩვენ ასევე რკალი გვაქვს შემოვლებული ხანძრის კერებისთვის, რათა არ მოხდეს ცეცხლის ჯანსაღ ტყეზე გაღვივება", - განაცხადა ალავიძემ.
ჟურნალისტები მინისტრისგან დაინტერესდნენ ხანძრის ახალი კერებითაც. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორიები კონტროლდება და კვამლი, რომელიც ამოდის, ტორფს უკიდია.
„2 თვეა არ უწვიმია აღნიშნულ ტერიტორიაზე. ნიადაგი დამსკდარია და ტორფი ღვივის. ჩვენ გვაქვს რამდენიმე კერა, რომელიც ამჟამად შედარებით აქტიურია და იმ კერებს ვერტმფრენები ამუშავებენ", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.