„კლიმატის ცვლილებების გამო მსოფლიო ცეცხლის ალშია" - ამ სათაურით სტატიას გერმანული „დოიჩე ველე" აქვეყნებს.
პუბლიკაციის ავტორების თქმით, 2017 წლის ზაფხულში მხოლოდ კანადის ერთ პროვინციაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში 894 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის ტერიტორია დაიწვა. პორტუგალიის ტყეში გაჩენილ ხანძრებს 64 ადამიანი შეეწირა. ხანძრებმა დააზარალა იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი და ხორვატია.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, წელს ევროპაში საშუალო მაჩვენებელთან შედარებით სამჯერ უფრო მეტი ხანძარი აღრიცხეს. თუმცა, როგორც სტატიის ავტორები ამბობენ, საქმე მხოლოდ ევროპას და კანადას არ ეხება. წელს ცეცხლის ალში გაეხვა სომხეთიც, სადაც 700 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა, უპრეცედენტო ხანძრები მძვინვარებდა წლის დასაწყისში ჩილეშიც. ცეცხლმა პრობლემა შეუქმნა გრენლანდიასაც კი, სადაც ტრადიციულად ხანძარი იშვიათად ხდება.
როგორც „დოიჩე ველესთან" საუბარში აშშ-ის ატმოსფეროს კვლევის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი კევინ ტრენბერტი ამბობს, „კლიმატის ცვლილებები ხანძრის გამომწვევ მიზეზთა შორის ერთ-ერთი უმთავრესია და რისკი კვლავ მაღალია, რადგან პროცესი არ ჩერდება. მისივე თქმით, ჰაერის ტემპერეტურის გლობალური მატება, პლანეტის გამოშრობას იწვევს, რაც ტყეში ხანძრის გაჩენისთვის შესაბამის პირობებს ქმნის.
„დოიჩე ველე" აქვეყნებს რუკას, რომელზეც დატანილია 2017 წლის დასაწყისიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე პლანეტის სხვადასხვა ნაწილში გაჩენილი ხანძრები.
როგორც გერმანულ გამოცემასთან საუბარში ლონდონის სამეფო კოლეჯის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების პროფესორი მარტინ ვუსტერი ამბობს, ევროპის სამხრეთისა და ჩრდილოეთ ამერიკისგან განსხვავებით, წელს სამხრეთ-აღმოსაველთ აზიაში ხანძრები პრობლემა ისე მწვავედ აღარ დგას, როგორც ეს 2015 წელს იყო.
ორი წლის წინ „ელ ნინოს" სახელით ცნობილმა ბუნებრივმა ფენომენმა ინდონეზიაში ცეცხლის კერების გაღვივება გამოიწვია. ტყეებში არსებული ტორფი რამდენიმე თვე იწვოდა. ამას კი მოჰყვა ჰაერის დაბინძურება.
მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ გლობალური დათბობის გამო ე.წ. ხანძრების სეზონი უკვე აღარ არსებობს და ცეცხლი ტყეებში შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს გაჩნდეს.
ამავე დროს ექსპერტები აღნიშნავენ, რომ კლიმატის ცვლილებების გარდა, ხანძრის მიზეზი ხშირად ადამიანების დაუდევრობაა. მოქალაქეები ხშირად აგდებენ ტყეში სიგარეტის ნამწვავს ან უმეთვალყურეოდ ტოვებენ კოცონს. პრობლემას იწვევს ასევე, ფერმერების მიერ განგებ გაჩენილი ცეცხლიც. სწორედ ეს არის ამაზონის ტყეებში ხანძრის გავრცელების ძირითადი მიზეზი. ფერმერები ტყეებს წვავენ, რათა შემდეგ ეს მიწა დაამუშაონ.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ხანძრების ასეთ გავრცელებას უკუეფექტიც აქვს. მეტი ხანძრის შედეგად ატმოსფეროში მეტი ნახშირბადი ხვდება, რაც კლიმატის ცვლილების პროცესს აჩქარებს.