საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ატენის ხეობაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა სოფელ ზემო ბოშურის ტყეში ლოკალიზებული ხანძრის ის ადგილები მოინახულა, სადაც ორი დღის წინ I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარეს.
ატენის ხეობაში სამხედრო მოსამსახურეები ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ტყის მასივის მონიტორინგს ახორციელებენ. უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, პირველი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ხანძრის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ადგილზე კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. ლევან იზორიას განცხადებით, საგანგებო შტაბთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა მუდმივ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების მიხედვით ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ნებისმიერ დროს და ადგილას ჩაერთოს.
თავდაცვის მინისტრი სამხედროებს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს უშუალოდ გაესაუბრა და გაწეული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.