გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა სტიქიის ზონაში განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში მეხანძრეებს დახოცილი ცხოველი ან ფრინველი რომ ენახოთ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მოეპოვებათ.
„ხანძრის გავრცელების ძირითადი არეალი არის 2008 წლის ნახანძრალი ტერიტორია. ცეცხლი, ძირითადად, გამხმარ ბალახს უკიდია.
მოშიშვლებულ ფერდობზე ცეცხლს ქარი აღვივებს. გვერდზე არის ფოთლოვანი და წიწოვანი საფარი და მას ხანძარი ვერ ერევა და იმედი მაქვს, ვერც მოერევა. ბევრია დამოკიდებული იმაზე, როგორი კლიმატური პირობები გვექნება. ქარი ხანძარზე კარგად ვერ მოქმედებს.
რაც შეეხება ცხოველებს, ძირითადი ჰაბიტატები არის გავრცელებული და დაცული ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში. არ არის ვარაუდი, რომ აქ იქნებოდა მსხვილი ძუძუმწოვრები, რადგან მათ, მაგალითად, დათვებს, დასახლებულ პუნქტთან, მითუმეტეს გადამწვარ ტერიტორიასთან ბინა არ ექნებოდათ და ისინი აუცილებლად დააღწევდნენ თავს", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
მისი თქმით, სტიქიის ზონაში, ტყეში, სავარაუდოდ, განდაგურდებოდა მობუდარი ფრინველების ბუდეები, მაგრამ ფრინველები გადაადგილებას მოახერხებდნენ.