logo_geo
eng_logo
სტიქიასთან ბრძოლაში პოზიტიური დინამიკაა, სალოკალიზაციო–სალიკვიდაციო პროცესში ჯარი ჩაერთო
- +

25 აგვისტო. 2017. 11:31


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს დილით განაცხადა, რომ ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჯარისკაცების ჩართვა მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის საჭიროებამ განაპირობა.


ამ ეტაპზე, უკვე დადგა საჭიროება უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩართულიყო საჯარისო ნაწილი", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განაცხადა.


მისი თქმით, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, მივიდნენ იმ მომენტამდე, რომ ფიზიკური წვდომა ცეცხლის ყველა ზონასთან შესაძლებელია.


„1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა აღმოსავლეთ სარდლობის და მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა ჩვეულებრივად აგრძელებენ მუშაობას. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს დავამუშავებთ ცეცხლის ყველა ზონას და დღის ბოლოსთვის, ვფიქრობთ, რომ გვექნება გაცილებით უკეთესი დინამიკა. თუმცა როცა სტიქიასთან გვაქვს საქმე, პროგნოზების გაკეთება მაინცდამაინც სწორი არ არის. მაგრამ მე მგონია, რომ გამომდინარე იმ დინამიკიდან, რომელიც გუშინდელი დღის ბოლოს გვქონდა და დღეს გვექნება, უკვე გაერთიანებული ძალებით, ჩვენ, ალბათ, უკვე მივალთ იქამდე, რომ გადავალთ უკვე ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე. ეს შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული პერიოდი, მაგრამ სანამ ბოლომდე არ მივიყვანთ ამ საქმეს, ჩვეულებრივად ერთობლივი შტაბი გააგრძელებს მუშაობას", - განაცხადა პრემიერმა.


მოსახლეობას საფრთხეს ვაშორებთ, წუხელ საღამოს იყო ერთ-ერთ ზონაში საკმაოდ გართულებული მდგომარეობა, მაგრამ ჩვენ შევძელით საფრთხის აცილება, პრევენცია გაკეთებულია ყველა ზონაში, არავის საფრთხე არ ემუქრება. დღის ბოლოსთვის, ვფიქრობთ, რომ ამ დაგეგმარებით გავაგრძელებთ მუშაობას და ორი დღის შედეგებით ვფიქრობ, რომ გარდავტეხავთ საბოლოოდ ამ სიტუაციას და გადავალთ ცეცხლის საბოლოდ ჩაქრობის ეტაპზე", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს.


ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული.


გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავეებს დღეს დილით ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში რამდენიმე წუთის წინ ჩავიდნენ.


სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო მიწისზედა სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.


ბორჯომის ხეობაში სიტუაცია წუხელ, გვიან ღამით, კიდევ ერთ მონაკვეთზე გართულდა. ცეცხლი არდაგანის სასაფლაოებს მიუახლოვდა.


შემთხვევის ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმოფებოდნენ.


ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდე ფართობია დამწვარი. ხანძარი ბორჯომის ტყეებში 20 აგვისტოს გაჩნდა და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდიარეობს. პროცესში დაახლოებით 1500 ადამიანია ჩართული.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner