logo_geo
eng_logo
კარიერა ფრაზებში: გია გურული
- +

12 აპრილი. 2016. 13:25


1990 წლის 27 მაისი: საქართველო 2:2 ლიტვა

ამ მატჩში გია გურულმა ნაკრების ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა


1990 წლის 27 მაისს ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა. მეტოქე კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნის, ჩვენსავით დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი ლიტვის ნაკრები იყო.


მატჩი, რომელიც თბილისში, „დინამოს" სტადიონზე გაიმართა, ფრედ 2:2 დასრულდა. ბალტიისპირელები ორჯერ იგებდნენ, მაგრამ ჯერ გია გურულმა გაათანაბრა ანგარიში, მერე კი - კახა კაჭარავამ.


საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი გოლი გია გურულმა გაიტანა. იმ წელს ის ჩემპიონატის ბომბარდირიც გახდა.


1990 წელს ჩვენი ფეხბურთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ იყო ფიფა-ს და უეფა-ს წევრი, ამიტომ ლიტველებთან მატჩს ნაკრების ფიფა-სეულ რეესტრში ვერ შეხვდებით, თუმცა ამით ისტორია არ იცვლება და არც იმ შეხვედრაში მონაწილეების ღვაწლი კნინდება: პირველი კაპიტანი პირველ კაპიტნად რჩება, პირველი მეგოლე კი პირველ მეგოლედ.


თუმცა გვარი „გურული" ჩვენი გუნდისთვის მხოლოდ ამით არაა გამორჩეული. 2010 წლის 17 ნოემბერს ქართველებმა სლოვენიაში მასპინძლებს ამხანაგური თამაში მოუგეს - 2:1, სტუმართაგან პირველი გოლი კი გია გურულის ვაჟმა, სანდრომ გაიტანა.


გია და სანდრო პირველი მამა-შვილი არიან, რომლებმაც საქართველოს ნაკრების მაისურით შეაგდეს გოლი!


ჩვენი გუნდის ისტორიაში ესეც ჩაიწერა.


* * *

...ვარჯიში მშობლიურ ჭიათურაში დავიწყე და პირველად დიდი ფეხბურთი იქვე ვითამაშე - სკოლების პირველობის მატჩი იყო. იმ შეხვედრაში ჩემი ძმა და ბიძაშვილიც მონაწილეობდნენ. მე შეცვლაზე შევედი ბიძაშვილის ნაცვლად. რა დამავიწყებს: კედები არ მქონდა და თანაგუნდელს გამოვართვი. იმ დროს 37 ზომა მჭირდებოდა, მე კი 42 მეცვა!


...ვერ გეტყვით, როგორ დასრულდა ის თამაში, უფრო სხვა რამ დამამახსოვრდა: ერთხელ მთელი ძალით დავარტყი და კარისკენ გაფრენილ ბურთს ჩემი კედიც მიჰყვა. საინტერესო ისაა, რომ მეკარემ კედი დაიჭირა, ბურთი კი სხვა კუთხეში შევარდა! მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩამითვალა. სხვათა შორის, იმ შეხვედრაში ლევან ბარათაშვილიც თამაშობდა, ჩემი მომავალი თანაგუნდელი თბილისის „დინამოში".


...მეხუთე კლასამდე ჭიათურაში ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი, მერე კი თბილისში გადმოვედი და გლდანის სპორტსკოლაში ჩავირიცხე. ჭიათურაში ჩემი მწვრთნელი ზურაბ ბარათაშვილი გახლდათ, თბილისში კი გურამ წიკლაური გვავარჯიშებდა, შესანიშნავი კაცი და ბრწყინვალე მწვრთნელი. მისგან ბევრი რამ ვისწავლე.


...გლდანში ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ მალხაზ არზიანი, თამაზ კიკლიაშვილი, როსტომ თორღაშვილი, გელა ჭანტურია, მიხეილ ფარქოსაძე... საერთოდ, იმ პერიოდში ყველა ქალაქში იყვნენ გამორჩეული ბიჭები. მაგალითად, ბათუმში მალხაზ მახარაძე იყო საუკეთესო, ქუთაისში - დავით გენძეხაძე, გრიგოლ თევზაძე და ნოდარ ჭელიძე, თბილისის 35-ე სკოლაში იონა გრძელიშვილი გამოირჩეოდა... სამწუხაროდ, ბევრმა ვერ ითამაშა დიდი ფეხბურთი.


...მალევე მოვხვდი თბილისის „დინამოს" დუბლებში. თავი ზღაპარში მეგონა! იცით, ვინ თამაშობდა იმ დროს პირველი გუნდის თავდასხმაში? დავით ყიფიანი, ვლადიმერ გუცაევი, რამაზ შენგელია, რევაზ ჩელებაძე...


...პირველი შეხვედრა დუბლებში 1981 წელს, ბაქოს „ნეფთჩის" წინააღმდეგ ჩავატარე. დაახლოებით 10 ათასი მაყურებელი დაესწრო იმ მატჩს. შეცვლაზე შევედი - ნოდარ ახალკაცმა გასახურებლად გამიშვა და ლამის სამი კილო დავიკელი იმ წუთებში... ძალიან ვინერვიულე, ეტყობა, დამეტყო კიდეც და მაისურს რომ ვიცვლიდი, იქვე მჯდომმა მერაბ ჟორდანიამ მითხრა, არ ინერვიულო, აქ ვართო. ასე შედგა ჩემი დებიუტი - შევედი თუ არა მინდორზე, ეგრევე დავმშვიდდი.


...1982 წელს პირველად ვითამაშე „დინამოს" პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ეს ტაშკენტში „ფახთაქორის" წინააღმდეგ მოხდა. ვინერვიულე თუ არა? არა, იმ დროისთვის უკვე გამოცდილი ვიყავი - სისტემატურად ვთამაშობდი დუბლ-შემადგენლობაში და თან, საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრებშიც ხშირად მიწვევდნენ.


...1983 წელს სსრკ ჭაბუკთა ნაკრების შემადგენლობაში იტალიაში სან-რემოს საერთაშორისო ტურნირი მოვიგე და საუკეთესო ბომბარდირის პრიზიც გადმომცეს. სიურპრიზი იყო ის, რომ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედაც მე მაღიარეს! გუნდის ლიდერად ვითვლებოდი და მექსიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად ვემზადებოდი, მაგრამ საზარდულის ტრავმის გამო ის შეჯიბრება გამოვტოვე. თუმცა მექსიკაში ქართველებმა მაინც ითამაშეს - გოჩა ტყებუჩავამ და გიორგი დოჩიამ.


...უამრავ მწვრთნელთან მიმუშავია, თუმცა ნოდარ ახალკაცს გამორჩეულად ვაფასებ. ის დიდებული სპეციალისტი იყო, ჩემს მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილი გახლდათ... 1986 წელს, როცა ჩვენთან თავდასხმაში რამაზ შენგელია, რევაზ ჩელებაძე, ვალერი გაზაევი, ვლადიმერ გუცაევი და უმცროსი მიხეილ მესხი თამაშობდნენ, ახალკაცი მუდმივად ძირითადში მათამაშებდა. ამას ვერასდროს დავივიწყებ.


...გერმან ზონინი რომ დაინიშნა ჩვენს მთავარ მწვრთნელად, ყველა ერთად შეგვკრიბა და ვიღაცის მიერ მიწოდებული სია წაიკითხა - ვის გვარსაც ამოვიკითხავ, მხოლოდ ისინი დარჩებიან „დინამოშიო"". იმ სიაში მე, ვაჟა ჟვანია და მერაბ ჟორდანია არ აღმოვჩნდით. მივედით მწვრთნელთან და ვკითხეთ, რა ხდება-თქო. გვიპასუხა, მე ეს სია მომცეს, უმეტესობას არ გიცნობთ, ამიტომ ვარჯიშებზე დაგაკვირდებითო. საქმეში როცა მნახა, აზრი შეიცვალა. მერე კი გავიგე, ვინ შეადგინა ის სია, მაგრამ არ ღირს იმ კაცის ხსენება.


...„დინამოში" არაერთი კარგი მატჩი ჩავატარე, პირველი მართლა მაგარი თამაში კი 1987 წლის სექტემბერში, ბულგარეთის „ლოკომოტივის" წინააღმდეგ იყო. პირველი მატჩი სოფიაში 1:3 წავაგეთ და ბევრი ფიქრობდა, რომ შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდით, მაგრამ თბილისში გამარჯვებისთვის არაფერი დავიშურეთ და 3:0 მოვიგეთ. პირველი გოლი დაახლოებით 35 მეტრიდან გავიტანე - უძლიერესად დავარტყი და ბურთი პირდაპირ „ცხრიანში" შეფრინდა, მესამე გოლი კი ალექსანდრე ჩივაძემ ჩემი გადაცემის შემდეგ შეაგდო.


...1/8 ფინალში ბრემენის „ვერდერი" შეგვხვდა, რომელმაც 1/16 ფინალში მოსკოვის „სპარტაკს" 6:2 მოუგო. არადა, „სპარტაკი" ჩემპიონატის ლიდერი იყო, ჩვენ კი ათეულში შესვლას ვცდილობდით. ფიქრობდნენ, „ვერდერმა" „სპარტაკი" თუ გაანადგურა, „დინამოს" რაღას უზამსო, მაგრამ... გერმანიაში 1:2 დავმარცხდით - ერთადერთი საპასუხო გოლი რამაზ შენგელიამ ჩემი პასით შეაგდო. თბილისში ვიგებდით, მაგრამ უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. არადა, გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი მქონდა მეც, თემურ ქეცბაიასაც და ოთარ კორღალიძესაც. იმ თამაშს რომ ვიხსენებ, ყოველთვის გული მწყდება.


...1988 წელს „დინამოს" საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი, მაგრამ მოსკოვის „ტორპედოსთან" მატჩის შემდეგ მაიძულეს, გუნდიდან წავსულიყავი. იმ შეხვედრაში სერგეი პრიგოდამ იდაყვი ჩამარტყა და მეც „ხურდა" დავუბრუნე - მუშტით გავუქანე! მინდვრიდან საკაცით გაიყვანეს... ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციით დამსაჯეს, ცოტა ხანში კი გუნდიდანაც გამიშვეს.


...ლანჩხუთის „გურიაში" გადავედი. შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ სხვაგან არსად მინახავს ასეთი შეკრული კლუბი! ჩინებული მწვრთნელი გვყავდა - უკრაინელი მიხაილ ფომენკო. ფეხბურთელები? ოთარ კორღალიძე, ლევან ბარათაშვილი, ბესიკ ფრიდონაშვილი, მამუკა აბუსერიძე, მერაბ ჟორდანია... მერაბი იმ „გურიას" ლიდერი იყო!


...საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი რომ დაიწყო, ისევ თბილისში ვთამაშობდი, თუმცა მაშინ „დინამოს" უკვე „იბერია" ერქვა. 23 გოლი გავიტანე და მამუკა ფანცულაიასთან ერთად პირველი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც გავხდი. თუმცა, რომ არა მენისკი, უფრო მეტს შევაგდებდი. იმ ტრავმის გამო, თუ არ ვცდები, ათი შეხვედრა გამოვტოვე.


...ეროვნული ჩემპიონატიდან ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც საზღვარგარეთ წავედი - პოლონეთის „გკს" დაინტერესდა ჩემით და მეც ასეთი შანსი ხელიდან არ გავუშვი. კატოვიცეში ორი წელი ვითამაშე, ერთხელ საუკეთესო უცხოელ ფეხბურთელად დამასახელეს, მერე კი საფრანგეთის ვარიანტი გამოჩნდა.


...იყო ასეთი მენეჯერი - ტოდეკ ფოგელი. წარმოშობით პოლონელი იყო, თუმცა საფრანგეთში მოღვაწეობდა. „ჰავრში" გადასვლა მან შემომთავაზა. ცხადია, გავყევი. ერთი შეხვედრა ჩავატარე და მის დასრულებისთანავე წინასწარი კონტრაქტი გავაფორმე. მართალია „გკს"-ს პრეზიდენტი ჩემი გაშვების წინააღმდეგი იყო, მაგრამ წინ ვერაფერი დამიდგებოდა. ჰავრი საპორტო ქალაქია, კატოვიცესთან შედარებით ძალიან ლამაზი... იქ ბედნიერი ვიყავი.


...„ჰავრი" საშუალო დონის კლუბი იყო, საფრანგეთის ჩემპიონატი კი იმ დროს ნამდვილად შედიოდა ევროპის საუკეთესო 5 პირველობას შორის. სხვა თუ არაფერი, იმ დროს ფრანგულ კლუბებში რუდი ფიოლერი, იურგენ კლინსმანი, დავიდ ჟინოლა, ბაზილ ბოლი, ჟორჟ ვეა და ფაბიენ ბარტეზი თამაშობდნენ... სადებიუტო სეზონში 9 გოლი შევაგდე, ჩვენი მთავარი მწვრთნელი კი პიერ მანკოვსკი გახლდათ, რომელიც ახლო წარსულში ჟაკ სანტინის თანაშემწე იყო საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.


...კარგად ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ ჩემით რამდენიმე დიდი კლუბი დაინტერესდა, მათ შორის „მონაკო" და „ლანსი", მაგრამ „ჰავრის" ხელმძღვანელობამ სანაცვლოდ დიდი ფული მოითხოვა და ტრანსფერიც გამოირიცხა. მეორე სეზონის დასაწყისში, „მონაკოსთან" მატჩში კუნთი გამიწყდა და დიდი დრო გამიცდა. ამას ისიც დაერთო, რომ მწვრთნელი შეგვეცვალა - მანკოვსკის ნაცვლად „ჰავრი" გი დავიდმა ჩაიბარა, მის ხელში კი ლიგიდან გავვარდით. ცოტა ხანში მეორე დივიზიონის „დიუნკერკში" გადავედი და ჩემი კარიერაც სამი წლის შემდეგ იქ დასრულდა.


...„დიუნკერკის" მერე კიდევ ორ კლუბში ვითამაშე, „კალესა" და „ბულონში", თუმცა ეს სამოყვარულო დონე იყო - მხოლოდ ვთამაშობდი, ვარჯიშებზე კი, თუ დრო გვქონდა, მაშინ მივდიოდით, ისიც ძალიან იშვიათად. „კალე" მეხუთე დივიზიონის კლუბი იყო და მალე მეოთხეში გადავედით, „ბულონი" კი სულაც მერვე დივიზიონში თამაშობდა. ჩვენ სამ წელიწადში მეხუთემდე აღვზევდით და მაშინ საბოლოოდ შევეშვი ფეხბურთს.


...1990 წლის 27 მაისს თბილისში ლიტვის ნაკრებს ვუმასპინძლეთ. ეს იყო ჩვენი ეროვნული გუნდის ისტორიაში პირველი შეხვედრა. ფრედ 2:2 ვითამაშეთ, მე კი ერთი გოლი გავიტანე. საოცარი გრძნობა იყო საქართველოს ნაკრების მაისურით თამაში!


...უცხოეთში გადასვლის შემდეგ ნაკრებს ვეღარ ვეხმარებოდი, მაგრამ ევრო 96-ის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ალექსანდრე ჩივაძე შემეხმიანა და დახმარება მთხოვა. ის „დინამოშიც" და მერეც ჩემი უფროსი მეგობარი გახლდათ და უარი ვერ ვუთხარი. სამწუხაროდ, პირველი ორი თამაში წავაგეთ: ჯერ თბილისში მოლდოვასთან, მერე კი სოფიაში ბულგარეთთან. ვიგრძენი, რომ ასაკოვანი ვიყავი, თან ძალიან კარგი ბიჭები მოდიოდნენ და მათთვის ხელის შეშლას, წასვლა ვარჩიე. მგონი, სწორად მოვიქეცი.


...2004 წელს საქართველოს ნაკრები მწვრთნელის გარეშე შეხვდა. მაშინ ფეხბურთის ფედერაციას მერაბ ჟორდანია ხელმძღვანელობდა. ალენ ჟირესის კანდიდატურა შევთავაზე, რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს და მალე კონტრაქტიც გაფორმდა. იმის გამო, რომ ჟირესთან კარგი საქმიანი ურთიერთობა მქონდა, მის თანაშემწედ დავინიშნე.


...გერმანია 2006-ის საკვალიფიკაციო ტურნირი კარგად დავიწყეთ: თურქეთში ფრედ 1:1 ვითამაშეთ, მერე შინ ალბანეთს მოვუგეთ, საკმაოდ ძლიერ დანიასთან ქულა მოვიპოვეთ... მოკლედ, კარგი სტარტი გამოგვივიდა, მაგრამ 2005 წლის დასაწყისში რა დაგვემართა, დღემდე ვერ ამიხსნია. ის, რაც საბერძნეთთან და თურქეთთან შინ შეგვემთხვა, საშინელი მოსაგონარია. ხშირად მიფიქრია იმ მატჩებზე, მაგრამ პასუხი ვერ მიპოვნია.


...სანდროზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი - ფეხბურთის თამაში თავად აირჩია. მონაცემები ჰქონდა, ერთი პერიოდი „ლიონშიც" ასპარეზობდა... ძალიან გამიხარდა, როცა თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში უხმო, სლოვენიის კარში გატანილი გოლისას კი თავი სიზმარში მეგონა. მერე მითხრეს, რომ ჩვენ გავხდით პირველი მამა-შვილი, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით შეძლეს გოლის გატანა. ასეთი ამბები სამუდამოდ გამახსოვრდება კაცს.


ლაშა გოდუაძე

სპეციალურად msy.gov.ge-სთვის


გია გურული

დაიბადა 1964 წლის 20 მაისს

1982-1988 წლებში თბილისის „დინამოს", 1988-1989 წლებში ლანხუთის „გურიას", 1990 წელს თბილისის „იბერიას", 1990-1992 წლებში კატოვიცეს გკს-ს (პოლონეთი), 1992-1994 წლებში „ჰავრის" (საფრანგეთი), 1994-1997 წლებში „დიუნკერკის" (საფრანგეთი) თავდამსხმელი

ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი - 1990; პოლონეთის თასი - 1991; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი - 1990 (23 გოლი; მამუკა ფანცულაიასთან ერთად); სსრკ სპორტის ოსტატი - 1986

საქართველოს ნაკრებში: 4 მატჩი, 1 გოლი (1990-1994)


საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი გოლის ავტორი


წყარო: http://msy.gov.ge/

right_banner right_banner
არქივი
right_banner