logo_geo
eng_logo
ქეთი ხოსიტაშვილი: არადა, რამდენიმე უწყინარი კითხვა უნდა დაგვესვა...
- +

25 აგვისტო. 2017. 17:46


„დედაქალაქის მერობა რომ გინდა და თავი „ჩვეულებრივ" ადამიანად მოგაქვს, მინიმუმ ტელეფონს უნდა უპასუხო, ხელმისაწვდომი უნდა იყო მედიისთვის", -  წერს საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" მთავარი რედაქტორი ქეთი ხოსიტაშვილი ალეკო ელისაშვილზე.

 

„დღეს რამდენჯერმე დავურეკეთ. ტელეფონს არ პასუხობს. არადა, ყოფილი ჟურნალისტია და მით უფრო - თბილისის მერობის კანდიდატი. ერთადერთხელ გაგვცა ხმა - საჭესთან ვარ და გვიან დამირეკეთო. ეგეც დამაფიქრებელია, მერობის კანდიდატი საჭესთან ტელეფონს პასუხობს... რამეს ეტყვი და მერე თავს გაიმართლებს, ხმოვანზე მქონდა ჩართულიო.

ასე არ გამოვა.

არადა, რამდენიმე უწყინარი კითხვა უნდა დაგვესვა.

ახლახან განაცხადა, რომ მისთვის სახელის გასატეხად „ქართულმა ოცნებამ" ფეისბუქში მისი ყალბი გვერდი შექმნა. თქვა, რომ სახელისუფლებო პარტიამ მასში კონკურენტი დაინახა და წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ქმედებები გამოიყენა.

ამ თემაზე გვინდოდა კომენტარი, სულ ორიოდ კითხვა:

* მიმართა თუ არა გამოძიებას?

* აქვს თუ არა ამ განცხადების დამადასტურებელი ფაქტები?

* და, თუკი „ოცნება" მისი სახელის გასატეხად ყალბ პროფილებს ქმნის, ამ გვერდებზე რატომ არის განთავსებული ელისაშვილის საპიარო სტატიები? გამოდის, რომ „ოცნება" აპიარებს ელისაშვილს? (ცნობისათვის, ამ გვერდს ფეისბუქში „ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერები" ჰქვია და ბოლო პოსტების სქრინებს ვაქვეყნებ).

მეეჭვება, ასე რთული ყოფილიყოს ამ უწყინარ კითხვებზე პასუხის გაცემა.

არადა, კარგად მახსოვს, სულ ცოტა ხნის წინ ამომრჩევლებს პირობა მისცა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ისევ ივლის ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით და იქნება ყველასათვის ხელმისაწვდომი.

აი, ეს მისი ციტატაა, საიტზეც გვედო და ვახსენებ სიტყვა-სიტყვით:

„მე ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ერთ-ერთი თქვენგანი ვარ. სულ ცოტა ხანში 40 წლის ვხდები, მთელი ცხოვრება დავდივარ ფეხით, მეტროთი, ავტობუსით. თქვენთან ერთად მიჭირს ფეხით გადაადგილება საშინელი, ქაოსური მშენებლობებისგან შეჭმულ ტროტუარებზე. რა შემიძლია დაგპირდეთ?! ოქროს მთებს არ გპირდებით, მაგრამ მე ჩემს თავს არ ვუღალატებ, ჩემი ცხოვრების წესს არ ვუღალატებ, როგორც დავდიოდი ქუჩაში ფეხით, ზუსტად ისე ვივლი, როგორც ახლა ვარ თქვენთვის ხელმისაწვდომი, ასევე ვიქნები გამარჯვების შემთხვევაში. ამას ნამდვილად გპირდებით, რომ პირდაპირ მეტყვით თქვენს სატკივარს და არ გვეყოლება შუამავლები"...

ოქროს მთები იქით იყოს, ფეხით სიარულიც (მისი ნებაა), მაგრამ დედაქალაქის მერობა რომ გინდა და თავი „ჩვეულებრივ" ადამიანად მოგაქვს, მინიმუმ ტელეფონს უნდა უპასუხო, ხელმისაწვდომი უნდა იყო მედიისთვის - ეგებ ამ შემთხვევამდე (მე პირადად) მისი ამომრჩეველი ვიყავი და ამ გულგრილობით იმედი გამიცრუა...

ეს რედაქციის პოზიცია არ არის, პირადად მე ვფიქრობ ასე და ეგებ, თავადაც დაფიქრდეს, იქნებ გაითვალისწინოს კიდეც.

რა ვიცი, აბა... ალბათ ეს უკვე მძიმე დიაგნოზია", - წერს ხოსიტაშვილი „facebook"-გვერდზე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner