logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ანპილოგოვს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა
- +

25 აგვისტო. 2017. 20:47


სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.


სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ დაწესებული უმაღლესი ჯილდო ანპილოგოვს მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა თბილისში დასრულებული ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ გადასცა. ღონისძიებას სამინისტროს მესვეურების გარდა საქართველოს ხელბურთის და საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი სპორტსმენის თანაგუნდელები და გულშემატკივრები დაესწრნენ.


დღესვე, თბილისის ოლიმპიური სასახლის დიდ დარბაზს, სადაც გაიმართა მსოფლიო პირველობის ფინალი საფრანგეთის და ესპანეთის ჭაბუკთა გუნდებს შორის, ალექსანდრე ანპილოგოვის სახელი მიენიჭა.


ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი ანპილოგოვმა 1976 წელს, მონრეალში მოიგო საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, 1980 წელს კი ოლიმპიადის ვერცხლის მედალს დაეუფლა. საკავშირო ნაკრების მაისურით ქართველმა ხელბურთელმა 1982 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულიც მოიგო.


ალექსანდრე ანპიოლოგოვი არის ხელბურთში ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი საქართველოდან. იყო თბილისის „ბურევესტნიკის" ლიდერი და საბჭოთა ნაკრების უპირველესი თავდამსხმელი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულ  გოლეადორი. მისმა მონაგარმა სპორტული კარიერის მანძილზე შვიდი ათას გოლს გადააჭარბა.

ვეტერანი ხელბურთელი წლებია გერმანიაში ცხოვრობს, წლების წინ კი საბერძნეთის ქალ ხელბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ.


 

ბიოგრაფიიდან:  

 

„როცა ოლიმპიური ჩემპიონები გავხდით, ვერ ვიტყვი, რომ ოქროს მედლების მოგება დიდი ზარ-ზეიმით აღვნიშნეთ. მსგავსი არაფერი ყოფილა. ისე, სამი ღამე მედალთან ერთად მეძინა - მეშინოდა არ დამკარგვოდა.

...თბილისში დაბრუნებულს მამამ გამარჯვება მომილოცა, თუმცა იქვე მირჩია, ეხლა მეტი თავმდაბლობა გმართებს და ეცადე ეს გამარჯვება დაივიწყო, ოლიმპიური ჩემპიონობის შემდეგ შენ ბევრისთვის სამაგალითო ხარ და არ შერცხვეო. ის სიტყვები ამდენი წლის შემდეგაც მახსოვს.

...მედლებთან დაკავშირებულ ერთ სახალისო ამბავს გავიხსენებ, რომელიც ირიბად, მაგრამ მამის დარიგებასთანაცაა კავშირში. 1976 წლის სექტემბერში თბილისში „დინამოს" სტადიონი გაიხსნა და როგორც ოლიმპიური ჩემპიონი, მეც მიმიპატიჟეს. ვიფიქრე, ოლიმპიური მედალი როგორ არ უნდა გამოვაჩინო-მეთქი და მასთან ერთად თუ რამე ჯილდო მქონდა მოგებული, სამი-ოთხი მედალი, ყველაფერი ჩამოვიკიდე. მივედი სტადიონზე და ვიქტორ სანეევს შევხვდი, მთელი მკერდი ჯილდოებით აქვს სავსე! გავეხუმრე, სახლში მედლები არ დატოვე-მეთქი?! ვიქტორმა სერიოზულად მიპასუხა, ამათ გარდა 40 კილომდე ჯილდოები ჩემოდანში მაქვს ჩალაგებულიო... შემრცხვა. ვიფიქრე, ჩემი რამდენიმე მედალი ამ კაცის ტიტულებთან რა მოსატანია-მეთქი და მას შემდეგ მსგავს შეხვედრებზე ჯილდოებით მკერდდამშვენებული არასდროს მივსულვარ.

...ხშირად მეკითხებოდნენ ცხრამეტრიანიდან გოლი როგორ გაგაქვთო. პატარა საიდუმლო მქონდა: ცოცხალ კედელში ყოველთვის ფსიქოლოგიურად სუსტს ვეძებდი, მას, რომელიც თავის გუნდს უმტყუნებდა. დავინახავდი თუ არა ასეთს, მეც იქით ვუშვებდი ბურთს. როგორ ვარჩევდი მსხვერპლს? თვალის ერთი შევლებით, გუმანით ვგრძნობდი, ვინ გატყდებოდა.

...ხელბურთს ჩემი ვაჟიც თამაშობდა, ბავარიის მხარის ჭაბუკთა ნაკრების გაფართოებულ სიაშიც მოხვდა, თუმცა საბოლოოდ სწავლამ გადაძალა და სპორტს შეეშვა.

...როდემდე დავრჩები გერმანიაში? დროს ვერ გეტყვით, ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საბოლოოდ მაინც საქართველოში უნდა დავბრუნდე. მამაჩემი თბილისშია დაკრძალული და მეც ვთვლი, რომ ჩემი საბოლოო ადგილიც აქაა.

ალექსანდრე ანპილოგოვი დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს თბილისში
1970-1985 წლებში თბილისის „ბურევესტნიკის", 1987-1992 წლებში გერმანიის „ლანდცხუტის" ხელბურთელი
ტიტულები: XXI ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - 1976 (მონრეალი); XXII ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი - 1980 (მოსკოვი); მსოფლიოს ჩემპიონი - 1982; მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1978; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1977, 1980, 1981; სსრკ თასი - 1978; სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1975; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1976

სსრკ ნაკრებში: 217 მატჩი, 572 გოლი (1974-1984)


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner