logo_geo
eng_logo
Freedom House-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე გაუმჯობესდა
- +

12 აპრილი. 2016. 14:08


Freedom House-ის ანგარიშში სახელწოდებით „ქვეყნები გარდამავალ პერიოდში 2016" ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიის დონე შარშანდელთან შედარებით 4,64 პუნქტიდან 4,61 პუნქტამდე გაუმჯობესდა. ამის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდაა.


ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ვრცლად არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული მოვლენები და დღეს არსებული მდგომარეობა.



საქართველოში არსებული მმართველობა შეფასებულია, როგორც „გარდამავალი ხელისუფლება ან ჰიბრიდული რეჟიმი".



ანგარიშის თანახმად, შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, ანუ არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი ( 4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემორკატიული მმართველობა (5,25 პუქნტი), კორუფცია (4,50 პუქნტი).


ერთადერთი ცვლილება მოხდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით და აქ, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.


ანგარიშის ავტორები დადებითად აფასებენ, რომ 2015 წელს საქართველოში შეინიშნებოდა მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, ასევე შენელდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო დევნის პროცესი. თუმცა, იყო სტაგნაციის ნიშნები სხვა, განსაკუთრებით მედიის თავისუფლების სფეროში.


ამ კუთხით ანგარიშის „ქართული ნაწილის" ავტორი მაიკლ ჩეჩირე „რუსთავი-2"-ის სასამართლო პროცესს განიხილავს და მიიჩნევს, რომ ეს მიანიშნებს პოლიტიკურ ზეწოლაზე მმართველი კოალიციის მხრიდან.


ანგარიშში მიმოხილულია 2016 წლის ქვეყნის პერსპექტივები და აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იქნება.



„ქართული ოცნებისთვის" მხარდაჭერის დონის შემცირებისა და „ნაციონალური მოძრაობის" მეტწილად სტაგნაციური მხარდაჭერის გამო, არჩევნების მთავარი ბენეფიციარები შესაძლოა არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გახდნენ, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა.



ამ პარტიებში შედიან პრორუსული და ანტიდასავლური ჯგუფები, რომლებსაც აქვთ პოტენციალი, ფუნდამენტალურად შეცვალონ ქართული საპარლამენტო პოლიტიკა, თუმცა, არ მიიღებენ საკმარის მხარდაჭერას ძალაუფლების მოსაპოვებლად.



რუსთავი 2"-ის ბედი და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმე კვლავ განხილვის საგანი იქნება", - ნათქვამია ანგარიშში.



საქართველოში ეროვნული დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობის აღწერისას, ავტორი წერს, რომ, ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.



სახელმწიფო საქმეებში მისი ჩარევის დონის გაუმჭვირვალობა დაძაბულობისა და არეულობის მუდმივი მიზეზია", - წერს მაიკლ ჩეჩირე და იქვე აღნიშნავს, რომ ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეობა აღარ აქვს, კვლავ მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში „ერთიან ნაციონალური მოძრაობასთან" ერთად.



თავში, რომელშიც აღწერილია საქართველოში ეროვნული დემოკრატიული მმართველობის დონე, ნათქვამია, რომ ქართული საზოგადოების ზოგიერთი სეგმენტი სულ უფრო ხშირად ემხრობა პრორუსულ და ანტიდასავლურ პოლიტიკას, აღნიშნულ ძალებს კი, მიღებული მოსაზრებით, აფინანსებს მოსკოვი „თავის მცდელობაში გაზარდოს გავლენა საქართველოზე და მოახდინოს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია".



საქართველოში ანტიდასავლური ძალების გაძლიერების შესახებ მაიკლ ჩეჩირე წერს იმ ნაწილშიც, სადაც საუბარია საარჩევნო სისტემის მდგომარეობაზე.


ანგარიშის თანახმად, წელს დაგეგმილი არჩევნები განსაკუთრებით კონკურენტუნარიანი იქნება იმის ფონზე, რომ ამომრჩევლის უმეტესობა გარკვეული ჯერ არ არის. ამას უწყობს ასევე ხელს მზარდი ანტიდასავლური განწყობები და და ანტიდასავლური პოლიტიკის მხარდაჭერის გაზრდაც.



საქართველოში არასამთავრობო სექტორის მუშაობა დადებითად ფასდება, თუმცა ავტორი იქვე აღნიშნავს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამა თუ იმ პარტიას, მოძრაობას თუ პიროვნებას ეკუთვნის.



გარდა ამისა, ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთმანეთთან როგორც სიტყვიერი ისე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებიც.



არსებობს ასევე სულ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფები სულ უფრო ხშირად აფინანსებენ პრომოსკოვურ, „ევრაზიულ" არასამთავრობო ორგანიზაციებს საქართველოში", - წერია ანგარიშში.



საქართველოში კორუფციის დონის შეფასებისას, ანგარიშის ავტორები წერენ, რომ ქართველ საზოგადოებაში ნეპოტიზმი მზარდ პრობლემას წარმოადგენს. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner