ალეკო ელისაშვილი 10 ათას ხელმოწერას ვერ აგროვებს, თუ ცესკოში პირველ სექტემბრამდე არ შეიტანა, თბილისის მერი ვეღარ გახდება. თურმე ცესკოს ადანაშაულებს, რა ამბავია, ეგრე რო მომიხაზეთ, მცირე დროში რანაირად უნდა მოვასწროო? გეგონება არ იცოდა, ხელმოწერები რომ ჰქონდა მოსაგროვებელი. მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო, სწორედ აგრეა ალეკოს საქმე. იცის, რომ მისგან მერობამდე ძალიან შორია და ცდილობს, როგორმე გამოძვრეს. რა მერობა? ოქტომბრიდან მოუწევს „დიდ ჟურნალისტიკაში" დაბრუნება აქუს მოედანზე. პრინციპში, მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩავატაროთ, შეიძლება იქაც სცადოს ბედი. სცადოს რა, პრეზიდენტი ვერ გახდება, მაგრამ ცოტა ხანს კანდიდატი იქნება და რამოდენიმეჯერ სიზმარში ნახავს, რომ გახდა. აი, ამაშია კანდიდატობის მუღამი - იცი, რომ ვერც გაპრეზიდენტდები და ვერც გამერდები, მაგრამ სიზმარში ხშირად ნახულობ შენს თავს კვარცხლბეკზე წამომჯდარს და გიხარია.
ჰოდა, იმას ვამბობდი... ეს ალეკო შარზეა, პირველამდე 10 ათას ხელმოწერას ვერ მოვაგროვებო. „ნაციონალებმა" იფიქრეს, ემანდ ჩვენი კაცი არ დაგვეჩაგროსო და ზალა უდუმაშვილმა, არ არი პრობლემა, ჩვენ მოვუგროვებთო, ხვალიდანვე გავუშვებთ ხალხს სადარბაზოებში, რამდენიმე საათში მზად იქნებაო. აუჰ, აბა, წარმოიდგინეთ, „ნაციონალები" რომ მოგადგებიან და გეტყვიან, ალეკო ელისაშვილისთვის ხელმოწერებს ვაგროვებთო, ხომ აიწევი კაცი ჭკუიდან? ჯერ „ნაცები" და ახლა ზედ მოყრილი ალეკო? გაგიჟდები, რააა!
„გირჩისთავმა" ზურაბ ჯაფარიძემაც გამოთქვა ამ თემაზე თავისი „ორიგინალური" აზრი: ადგეს ეს ელისაშვილი და გადმოწეროს საიდანმე, როგორც აქამდე კეთდებოდა ხოლმეო. ჰა, ჰა, ჰა... როგორც აქამდე კეთდებოდაო, კაცოოო, აღიარებით ჩვენებას იძლევა, ყოველთვის ვაყალბებდითო. არა, ჩვენ კი ვიცით, რომ აყალბებდნენ, მაგრამ თვითონ რომ წამოსცდებათ ხოლმე, ეგ არი ძალიან საინტერესო. რასაც ხათუნა გოგორიშვილი და მიშა მაჭავარიანი აკეთებდნენ, იმნაირი რაღაცები არც „ოცნებას" დაესიზმრება და არც რომელიმე სხვა პარტიას. ამათ შექმნეს გაყალბების საუკუნოვანი ანატომია, ამ უდღეურებმა. ამიტომაც დაბერდნენ პარლამენტში.
და ბოლოს... ალეკო იძახის, „ნაცების" შემოთავაზებაზე უარს ვამბობო, ეს როგორ გამიბედეს, რეებს მიედ-მოედებიან, მე ხომ მხოლოდ ხალხზე დამოკიდებული მერიკო უნდა ვიყოო? არც კი უკვირდება, რა სისულელეს ამბობს... სხვებიც ხალხზე იყვნენ დამოკიდებულნი, უფრო სწორად, ჩამოკიდებულნი. აი, ამასაც უნდა, რომ ჩამოგვეკიდოს, მაგრამ რა შანსი აქვს? არავითარი. ან სხვებს რა შანსები აქვთ? არავითარი... კახა კალაძე უკვე თბილისის მერია. ამას ვამბობ არა მხოლოდ იმიტომ, რომ მხარს ვუჭერ, ეს გახლავთ რეალობა და ზოგიერთს მოუწევს შეგუება. რაც შეეხება ალეკოს ე.წ. დამოუკიდებლობას... ღმერთი გიშველით, ნუ მაცინებთ, როგორც ავი ენები იძახიან, დირექტივებს ნიკანორ მელიასგან იღებს ღამ-ღამობით. არ გჯერათ? აგერ, ფოტო. ისე, საიდანაც არ უნდა იღებდეს, თუნდაც აქუსგან, მაინც არ გააჩნია არანაირი პერსპექტივა და მე რა ვქნა, რა გავაკეთო, მეტი რა ვუთხრა და რით გავახარო?!
გელა ზედელაშვილი