სტატისტიკა არსებობს?
2017 წელი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ ჯერ არ არსებობს მონაცემები, რომლებშიც გათვალისწინებულია ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი ტერაქტები, მათ შორის, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და სულ ახლახან კატალონიაში. თუმცა, 1970-2016 წლებში სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებული ტერაქტების სტატისტიკის ნახვა შეიძლება ვებგვერდზე Global Terrorism Database ("მსოფლიო ტერორიზმის მონაცემთა ბაზა").
ბაზის შემქმნელები დეტალურად აღწერენ მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც გადაწყვიტეს, თუ რომელი ინციდენტი უნდა შეეყვანათ სიაში, და რომელი - არა. პროექტის ავტორები შეთანხმდნენ, რომ ბაზაში მოხვდებოდა ძალადობით დაშინების ან ძალადობის შეგნებულად გამოყენების ის შემთხვევები, რომლებიც სახელმწიფოს არ ჩაუდენია; ემსახურებოდა პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური ან საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას; გათვლილი იყო თავდასხმის არა უშუალო მსხვერპლის, არამედ ბევრად უფრო ფართო აუდიტორიის დაშინებაზე; არღვევდა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.
ამ კრიტერიუმების თანახმად, 1970 წლის შემდეგ, მსოფლიოში ტერაქტების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 2012 წელს პიკს მიაღწია. კერძოდ, ამ წელს 16 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ როდესაც 1970 წელს, როდესაც პროექტმა მონაცემების შეგროვება დაიწყო, ასეთი ინციდენტები 1000-ს არ აჭარბებდა.
თუმცა, თუ აქედან გამოვარჩევთ მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მონაცემებს, სურათი მნიშვნელოვნად შეიცვლება: ინციდენტებმა პიკურ მაჩვენებელს (1000-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა) ევროპულ სახელმწიფოებში 1979 წელს (მაშინ ევროპაში აქტიურები იყვნენ "ირლანდიის რესპუბლიკური არმია", ბასკების სეპარატისტული მოარაობა "ეტა", "ახალი სომხური წინააღმდეგობა", "წითელი ჯგუფები" და სხვ) და 2014 წელს (თითქმის 1200 შემთხვევა) მიაღწია.
GTD-ის მონაცემებით, ჩანს ასევე ტენდენცია, რომ რაც დრო გადის, თავდასხმებისას უფრო ცოტა ადამიანი იღუპება (10-მდე ადამიანი). იზრდება თუ არა მსხვერპლის რაოდენობა მთლიანობაში, GTD-ის მონაცემებში ეს არ ჩანს.
მართალია, რომ ტერაქტების უმრავლესობას "ისლამური სახელმწიფო" აწყობს?
ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) მებძოლები, ამა თუ იმ ტერაქტზე პასუხისმგებლობის აღების ფაქტს მათთან დაახლოებული სირიული საინფორმაციო სააგენტოს Amaq News-ის საშუალებით ავრცელებენ. Amaq News-ის ცნობები ოფიციალურ ინფორმაციად მიიჩნევა და მედია მას ეყრდნობა, და არა მაგალითად, სოცქსელებსა და მესენჯერებში "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერების მიერ გავრცელებულ ცნობებს. სინამდვილეში, ამ სააგენტოს მონაცემების დადასტურებაც რთულია, ისევე როგორც რთულია დაადგინო უტყუარი კავშირი ტერაქტების ორგანიზებასა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებს შორის.
განსაკუთრებით რთულია ეს, როდესაც თავდასხმას არა ადამიანების ჯგუფი, არამედ ერთი პირი აწყობს. მაგალითად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" პასუხისმგებლობა აიღო 2016 წელს, გერმანიაში მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ახალგაზრდა ავღანელი მიგრანტი დანით და ნაჯახით თავს დაესხა მატარებლის მგზავრებს. თავმდამსხმელის სახლის ჩხრეკისას პოლიციელებმა "ისლამური სახელმწიფოს" დროშა იპოვეს, თუმცა ტერორისტებთან მისი კავშირის ან ტერაქტის ორგანიზებაში "ისლამური სახელმწიფოს" დახმარების თაობაზე ცნობები ვერავინ მოიპოვა. შესაბამისად, შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ მიგრანტი "ისლამურმა სახელმწიფომ" შთააგონა, თუმცა იმის მტკიცება, რომ მისი თავდასხმის უკან სწორედ ეს დაჯგუფება იყო, შეუძლებელია.
კიდევ ერთი მაგალითი, 2016 წელს, ორლანდოში (ფლორიდის შტატი, აშშ), გეი-კლუბზე მომხდარი თავდასხმაა. ამერიკელმა ომარ მატინმა, რომელმაც კლუბში რამდენიმე ათეულ ადამიანს ცეცხლი გაუხსნა, 911-ში დარეკა და განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ერთგულია. მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ მატინს გამოძიების ფედერალურ ბიუროში დიდი ხნის განმავლობაში იცნობდნენ, როგორც რადიკალური დაჯგუფების მხარდამჭერს და ისლამისტებთან დაკავშირებულ ადამიანს. თავდასხმიდან რამდენიმე საათში, "ისლამურმა სახელმწიფომ" ორლანდოს ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო და მატინი ორგანიზაციის მებრძოლად გამოაცხადა. რამდენიმე დღეში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა განაცხადა, რომ უწყებამ მატინს და "ისლამურ სახელმწიფოს" შორის ვერანაირი კავშირი ვერ აღმოაჩინა. მან თვალსაჩინოებისთვის "ერთი" კაცის მიერ განხორციელებული თავდასხმა პარიზის და ბრიუსელის ტერაქტებსაც შეადარა, რომლებიც მართლაც "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელებმა დაგეგმეს.
სპეციალისტებში, რომლებიც ექსტრემიზმს სწავლობენ, არსებობს მოსაზრება, რომ პასუხისმგებლობის აღება იმ თავდასხმებზე, რომლებსაც ცალკეული პირები აწყობენ, ან სხვა ნაკლებად ცნობილი დაჯგუფებები - ტერორისტების სტრატეგიის ნაწილია. ასეთი განცხადებები მათ საკუთარი ძლევამოსილების მითის შექმნაში ეხმარება, ისინი იპყრობენ ყურადღებას, თესავენ შიშს და ამით კიდევ უფრო მოწყვლადს ხდიან იმ ქვეყნების ხელმძღვანელების პოზიციას, სადაც ესა თუ ის თავდასხმა ხდება.
ტერორისტების ასეთი განცხადებები ხელს უწყობს იმ შთაბეჭდილების ჩამოყალიბებას, რომ "ისლამური სახელმწიფო" ფართოვდება, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერაყსა და სირიაში აქტიურად ებრძვიან და ავიწროვებენ. "პიარი ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს ბრძოლის ორი ველი: ფიზიკური და იდეოლოგიური, ანუ მედია-ველი", - განაცხადა CBC-სთან კომენტარში ანალიტიკური სამსახურის Stratfor -ის ვიცეპრეზიდენტმა სკოტ სტიუარტმა.
ტერაქტების უმრავლესობას მუსლიმები აწყობენ?
ისლამში სხვადასხვა მიმართულებებია. რადიკალი ფუნდამენტალისტები მის მხოლოდ პატარა ნაწილს შეადგენენ, ამიტომ უფრო კორექტულია თუ მათ "ისლამისტებს" ან "ჯიჰადისტებს" ვუწოდებთ. ისლამიზმის მიმდევრები ისლამის სხვა მიმდინარეობების წარმომადგენლებს "ურწმუნოებად" მიიჩნევენ და ძალიან ხშირად ტერაქტების მსხვერპლნი სწორედ მუსლიმები არიან.
მუსლიმები გმობენ ჯიჰადისტებს და მათ მეთოდებს. მაგალითად, დიდწილად მუსლიმებით დასახლებულ ქვეყნებში, Pew Research Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტების უმრავლესობა არ იწონებს "ისლამური სახელმწიფოს" საქმიანობას: თურქეთში ISIS-ის გმობს გამოკითხულთა 73%, იორდანიაში - 94%, ინდონეზიაში - 79%. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად პაკისტანში, გამოკითხულთა 62%-ს საერთოდ არ აქვს მოსაზრება "ისლამურ სახელმწიფოზე", ხოლო ამ დაჯგუფებას მოწონების ყველაზე მაღალი მაცვენებელი (14%) ნიგერიაში აქვს.
კიდევ ერთ კვლევაში, Pew Research Center-ის მკვლევრები სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ მუსლიმებს ეკითხებოდნენ იმის შესახებ, შეიძლება თუ არა "ისლამის დაცვის" მოტივით თვითმკვლელი ტერორისტების გამართლება? რეპონდენტების უდიდესმა უმრავლესობამ ამ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.
ისლამისტების მიერ განხორციელებული ტერაქტების რაოდენობაზე ლაპარაკი ძალიან რთულია, რადგან ერთიანი სტატისტიკა არ არსებობს. მაგალითად აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ანგარიშში ტერტექების რაოდენობის შესახებ, რომლებიც აშშ-ში 1980-2005 წლების შუალედში მოხდა, ნათქვამია, რომ თავდასხმების ყველაზე დიდი წილი (42%) ლათინოამერიკულ ჯგუფებზე მოდის, მეორე ადგილზე (24%) რადიკალი მემარცხენეები არიან, ხოლო ისლამისტების წილი არის მხოლოდ 6%.
იმავდროულად, ევროპოლი აცხადებს, რომ 2011 წლიდან "რელიგიური მოტივებით ტერორისტულ საქმიანობასთან" დაკავშირებით დაპატიმრებების რიცხვი გაიზარდა. 2014 წელს, ევროკავშირის ქვეყნებში ჯიჰადისტებთან დაკავშირებული ასეთი 395 შემთხვევა აღირიცხა, რაც ბევრად მეტია, ვიდრე პოლიტიკური ტერორიზმისთვის დაკავებული ეჭვმიტანილების რაოდენობა, თანაც როგორც მემარცხენეებში (54), ასევე მემარჯვენეებში (34).