მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანას ტყის ხანძრებთან გამკლავება ყოველწლიურად უწევს, თუმცა 2017 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა. ამას ხანძრის კერების რაოდენობა და დამწვარი ტერიტორიების ფართობი ადასტურებს.
პორტუგალია
პორტუგალიაში 2017 წლის დასაწყისიდან 140 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა, რაც გასული წლების საშუალო მაჩვენებელს სამჯერ აღემატება. მეხანძრეებს ცეცხლის 10 ათასზე მეტ კერასთან მოუწიათ გამკლავება. ეს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2500-ჯერ მეტია. ევროკომისიამ პორტუგალიას სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ დახმარების სახით 45 მილიონი ევროს გამოყოფას დაპირდა. ივნისში პორტუგალიაში გაჩენილ ხანძარს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ესპანეთი
პორტუგალიას ცეცხლის ჩაქრობაში მეზობელი ესპანეთი ეხმარება, რომელსაც ამავე დროს, თავად უწევს ცეცხლოვან სტიქიასთან ბრძოლა. ესპანეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს ესპანეთში 75 ათასი ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა, რაც ბოლო ხუთწლიანი პერიოდის რეკორდული მაჩვენებელია. ეს ესპანეთის ტერიტორიის 0,28%. წელს ქვეყანაში მეხანძრეებს 16 მასშტაბურ ხანძართან (500 ჰექტარზე მეტი ფართობის) მოუწიათ გამკლავება, 2016 წელს კი ასეთი ძლიერი ხანძარი 10 იყო, 2016 წელს - 13, 2014 წელს კი მხოლოდ ექვსი. თუმცა მიმდინარე წელზე გაცილებით რთული ესპანეთისთვის 2012 წელი აღმოჩნდა, როდესაც დაიწვა ქვეყნის ტერიტორიის 0,6%.
საბერძნეთი
მძიმე მდგომარეობაა საბერძნეთში. როგორც „ვაშინგტონ პოსტი" ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, წელს საბერძნეთში 141 ათასი ჰექტარი ტყე დაიწვა. შედარებისთვის, ბოლო 10 წლის განმავლობაში საბერძნეთში ყოველწლიურად საშუალოდ 45 ათასი ჰექტარი იწვის. ფინანსური კრიზისის გამო, საბერძნეთი სახანძრო ტექნიკის დეფიციტს განიცდის. ცეცხლის პირისპირ აღმოჩენილმა საბერძნეთმა დახმარების თხოვნით ევროკავშირის ქვეყნებს მიმართა.
საფრანგეთი
საფრანგეთმა საბერძნეთის დახმარება ვერ შეძლო, რადგან თავად ებრძვის ხანძარს ხმელთაშუა ზღისპირეთში. აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის რივიერადან ხანძრის გამო, 10 ათასი ადგილობრივი მცხოვრებლისა და დამსვენებლის ევაკუაცია გახდა საჭირო. დამსვენებელთა ნაწილმა რამდენიმე ღამე სანაპიროზე გაშლილ კარვებში გაათენა. საფრანგეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული მონაცემებით, მხოლოდ წელს ცეცხლმა 75 ათასი ჰექტარი ტყე გაანადგურა.
ხორვატია
მიმდინარე ზაფხული ერთ-ერთი ყველაზე რთული აღმოჩნდა ხორვატი მეხანძრეებისთვის. ხორვატიის სახანძრო სამსახურის უფროსის განცხადებით, დაიწვა 83 ათასი ჰექტარი ტყე, რაც 2012 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
თურქეთი
2017 წელს 6200 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა თურქეთში. შესაბამისი მონაცემები ტყისა და წყლის რესურსების მინისტრმა გაავრცელა.
სომხეთი
გასულ კვირას 1600 ჰექტარი დაიწყო სომხეთის ხოსროვის ნაკრძალში, აქედან 360 ჰექტარი ტყის მასივი.
კანადა
ასობით მეხანძრე ებრძვის კანადის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ხანძარს. CBC News-ის ინფორმაციით, ცეცხლი პროვინცია ბრიტანეთის კოლუმბიაში გაჩნდა და ერთდროულად 467 ათას ჰექტარზე გავრცელდა. კანადის მხოლოდ ამ პროვინციაში მიმდინარე წლის აპრილიდან 900 ხანძარი დაფიქსირდა.