ჟურნალისტი შალვა რამიშვილი „ალიასთან" თათია სამხარაძის ბრალდებასა და მათ ურთიერთობაზე საუბრობს. რამიშვილის თქმით, სამხარაძეს მასთან საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
„მე და თათია სამხარაძეს რა ურთიერთობა გვქონდა, რაზე ვსაუბრობდით და როგორ ვხუმრობდით, ეს არის ჩემი და თათია სამხარაძის საქმე. როგორც კი ამ გოგომ ჩაწერა რაღაც, ამით რაღაც ზღვარს გადავიდა. ეგრეა ახლა, ადამიანურად რომ განვიხილოთ, ასეა. ოთხი წელია ვიცნობ. ჩემს ცოლს რაებს სწერს, რომ იცოდე, როგორ უყვარს და როგორ უნდა ბავშვების მონახულება, აი, ზუსტად ამ შევიწროების ფაქტის შემდეგ. ეს მიმოწერა არსებობს. ჩემთან სახლში რამდენჯერმე ნამყოფია, საქმიანი, მეგობრული ურთიერთობა რომ აქვს ჩემთან, ჩემს ცოლთან, ყველასთან, ჩემს უახლოეს მეგობარ პროდიუსერთან, რომელიც, სხვათა შორის, გოგონაა, ვინც ჩემთან მუშაობს და რომელიც, სხვათა შორის სულ იცავდა მაგას, თავისი დაგვიანებების და უდისციპლინო მოქცევების გამო. მე ვარ გაოგნებული უბრალოდ ამით, მაგრამ არ მიკვირს, რადგან „ვისაც ჩავაცვი, იმან გამხადა"-ს პრინციპია. ახლა ეს ფემინისტი ქალბატონები, რომლებიც რაღაც გარკვეული პროცესის მედროშედ იყვნენ და კანონმდებლობაში ცვლილება უნდათ, ჩემი აზრით, მალე ნახავენ, რომ ეს არის აბსურდული საქმე და ჩემს სექსუალურ მონსტრად გამოყვანა როგორ უნდათ... მე უკვე მივხვდი, რომ ეს ადამიანები არც ჩემს საქმიან რეპუტაციას დაგიდევენ რამედ, არც დედაჩემს, ჩემს ცოლს, რომელსაც ოთხი ღამეა არ უძინია - ამათ არაფრად არ თვლიან, მაგრამ ახლა, როგორ გითხრათ, სასამართლო არსებობს ამ ქვეყანაში და პროცესებს ყველას მოვიგებ. დარწმუნებული ვარ ჩემს სიმართლეში, მოვიგებ და დამთავრდება ეს ყველაფერი. მერე რას იტყვიან ის ადამიანები, რომლებიც ახლა სამხარაძეს უდგანან გვერდში?" - განაცხადა რამიშვილმა.