logo_geo
eng_logo
ზურაბ ნეფარიძის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
- +

27 აგვისტო. 2017. 21:28


დედაქალაქის საკრებულოს წევრის ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს.


„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე, ბრალდებულების ზ.ნ.-ს და ა. მ.-ს მიმართ და მათ აღკვეთის ღონისძიების სახედ შეუფარდა პატიმრობა.

 

ზ.ნ.-ს ბრალად ედება ქრთამის აღება, ესე იგი მოხელის მიერ ფულის პირდაპირი მოთხოვნა და მიღება, თავის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი ძალადობით. მანვე ჩაიდინა შრომის კანონმდებლობის დარღვევა, ესე იგი პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე.

 

ა. მ.-ს ბრალად ედება ქრთამის აღებაში დახმარება, ესე იგი მოხელის მიერ თავის სასარგებლოდ ფულის პირდაპირ მოთხოვნასა და მიღებაში დახმარება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ჩადენილი ძალადობით.

 

სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის სამოხელეო დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტი. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ საქმეზე ჩასატარებელია რიგი საგამოძიებო მოქმედებები, ამასთან დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობს ბრალდებულთა მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის და გამოძიებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები", - აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში. 


საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 16 ოქტომბერს, 14:00 საათზე გაიმართება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner