ბორჯომის ხეობაში სტიქიის ბოლომდე აღმოსაფხვრელად საგანგებო შტაბი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ცოცხალი ძალა სხვადასხვა სექტორზეა განაწილებული, მიმდინარეობს 24-საათიანი მონიტორინგი.
„მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ყველაზე ძლიერი ქარი იყო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, არსად, არცერთი კერა არ გაღვივებულა, რაც გვაძლევს იმედს, რომ მომავალშიც ასეთი რამ თავს არ იჩენს",-განაცხადა მღებრიშვილმა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ხეობაში შს სამინისტროს 300-მდე თანამშრომელია, იმავე რაოდენობის თანამშრომლები ჰყავს სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს, ასევე, ადგილზე მუშაობენ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები.
„ჩვენ პრაქტიკულად გავანახევრეთ ის ცოცხალი ძალა, რაც ზონაში გვყავდა. დილით უკვე დატოვეს ტერიტორია ჩვენმა სტუმრებმა, ჩვენმა კოლეგებმა. მათ დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. 600-700 კაცამდე ვრჩებით რეგიონში",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.