logo_geo
eng_logo
ევროკავშირის ხუთ პრიორიტეტში პარტნიორებიდან მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნები მოხვდა
- +

28 აგვისტო. 2017. 23:02



ევროკავშირის პოლიტიკის ხუთი პრიორიტეტი - ორგანიზაციის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ისაუბრა.


ფედერიკა მოგერინიმ ევროგაერთიანების პირველ პრიორიტეტად უსაფრთხოება და თავდაცვა დაასახელა.


„ამ მიმართულებით ევროკავშირმა გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე ბოლო ათწლეულების მანძილზე. ევროკავშირის საბჭოს სამიტი, რომელიც დეკემბერში გაიმართება, თავდაცვის საკითხებს მიეძღვნება. ვფიქრობ, რომ შევძლებთ სტრატეგიაზე მუშაობის დასრულებას.

 

უკვე გვაქვს ჩამოყალიბებული დეტალები, თუ როგორი უნდა იყოს წევრებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა",-აღნიშნა ფედერიკა მოგერინიმ.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ორგანიზაციის მეორე პრიორიტეტად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დაასახელა. გაერთიანების მესამე პრიორიტეტი - მიგრაციაა.


„ეს არ არის მხოლოდ ევროპის წინაშე არსებული გამოწვევა, ეს არის ამ საუკუნის მთავარი გამოწვევა. რამდენიმე წლის წინ, მიგრაცია მხოლოდ საშინაო საკითხი იყო, საზღვრების და ჩვენი უსაფრთხოების თემა. ახლა ჩვენ დავრწმუნდით, რომ აუცილებელია გავცდეთ საზღვრებს და ფართო ჭრილში განვიხილოთ საკითხი. ვიფიქროთ სტრატეგიულად",-განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.


ევროკავშირის მეოთხე პრიორიტეტი - ბალკანეთის ქვეყნები.


„ჩვენს პარტნიორებს ბალკანეთის ქვეყნებიდან არაერთხელ დაუმტკიცებიათ, რომ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება შეუძლიათ. თქვენ მიიწევთ ევროპისკენ - მე ძალიან მწყინს, როდესაც ბალკანეთის ქვეყნებზე საუბრის დროს მსგავსი შინაარსის განცხადებებს ვისმენ. რატომ? ბალკანეთი ევროპაა.


ევროპელების ცხოვრებაზე გავლენა აქვს მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებული ვითარებას. მე დარწმუნებული ვარ, ევროპელებმა დაიწყეს კარგად გაგება იმის, რომ გლობალური საკითხების გადაჭრის დროს, ევროპელები ერთად უნდა ვიდგეთ",- აცხადებს მოგერინი.


ევროკავშირის მეხუთე პრიორიტეტი - ეფექტიანი მმართველობაა.


ფედერიკა მოგერინიმ ელჩების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა ითანამშრომლოს ყველასთან, ვინც ორგანიზაციის ღირებულებებს იზიარებს.


29 აგვისტოს ელჩების კონფერენციას ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი მიმართავს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner