logo_geo
eng_logo
„ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო“
- +

12 აპრილი. 2016. 16:17


ალექსანდრე მაკედონელი (ძვ. წ. IV საუკუნე) ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარია ისტორიაში. მან იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო. მაკედონელს ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავუს ადოლფუსის, ჰანიბალისა და იულიუს კეისრის გვერდით, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგს და ტაქტიკოსს.


ალექსანდრე მაკედონელი ტახტზე 20 წლისა ავიდა და მოულოდნელად, 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. როდესაც მეფემ სიკვდილის მოახლოება იგრძნო, ახლობლებს უხმო და დაუბარა: „როდესაც ჩემი სახლიდან გამომასვენებთ, მარჯვენა ხელი კუბოდან გადმომაყოფინეთ, რათა ყოველმან დაინახოს, რომ ამ ქვეყნიდან ცარიელი ხელით მივდივარ და არა მიმაქვს რა..." მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია: „ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო".



***

„ალექსანდრე მაკედონელისა და ინდოელი ბერის საუბარი

 

„გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს..."

 

მაკედონელი: - რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა?

ინდოელი ბერი: -ზღვა, რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვაში.


- რატომ ურჩევდით მეფე ფეროსს (ინდოეთის მეფე), ებრძოლა ჩემს წინააღმდეგ?

 

- იმიტომ, რომ ის სახელოვნად მეფობდა, ცხოვრობდა და სიკვდილიც სახელოვანი უნდა ჰქონოდა...


- რომელი ცხოველია ყველაზე ეშმაკი?

 

- ის, რომელიც ადამიანს ჯერ არ დაუჭერია.


- რა უფრო მეტი იყო, დღე თუ ღამე?

 

- დღე იყო ადრე, ერთი დღით.


- ძნელი პასუხია...

 

- ძნელ კითხვაზე...


- როგორ გავხდე ღმერთი?

 

- გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს.


- როდის უნდა მოკვდეს ადამიანი?

 

- როდესაც სიკვდილი ჯობია, ვიდრე სიცოცხლე.

 

***

ალექსანდრე მაკედონელი დიოგენეს ესტუმრა...

 

 

„ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდი"


როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მთავარსარდლად გამოაცხადეს, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მოსალოცად მასთან. არ ჩანდა მხოლოდ ფილოსოფოსი დიოგენე სინოპელი, რომელიც კორინთოს მახლობლად ცხოვრობდა განმარტოვებით. იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ალექსანდრეს გარშემო მომხდარ ამბებს. მაშინ მთავარსარდალი თავად გაემართა ფილოსოფოსის სანახავად. ალექსანდრესა და მისი ამალის მიახლოებისას დიოგენე წამოწოლილი იყო და ისვენებდა, დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვაზე იგი ოდნავ წამოიწია, მთავარსარდალი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა: „ხომ არაფერი გჭირდებაო", ხოლო დიოგენემ უპასუხა: „ცოტა იქით გაიწიე, მზეზე ნუ მეფარებიო". ამ პასუხმა ალექსანდრე შეაცბუნა, ხოლო როცა დიოგენეს გასცილდნენ და მეგობრებმა სიცილი და ხუმრობა დაიწყეს მომხდარზე, მაკედონელმა მათ უთხრა: „ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდიო".

 

 

***

„მეფევ, გთხოვ, დაანგრიოთ ქალაქი"

 

სპარსეთის იმპერიას რომ იპყრობდა ალექსანდრე მაკედონელი, გზად ერთ ბერძნულ ქალაქს - ლამპსაკს მიადგა, რომელსაც სპარსული ორიენტაცია ეკავა. მცხოვრებლებს შეეშინდათ, მაკედონელები ქალაქს დაანგრევენო და ალექსანდრეს მისი მამის - ფილიპეს მეგობარი - ფილოსოფოსი ანაქსიმენე გაუგზავნეს, თხოვნით: შეეწყალებინა მცხოვრებნი და ქალაქი დაენდო.


როცა ანაქსიმენე ქალაქის დელეგაციით მეფეს მიუახლოვდა, ალექსანდრე მიხვდა რის სათხოვნად მიდიოდა მასთან ფილოსოფოსი და მიაძახა: „ვფიცავ ღმერთებს, არ შევასრულებ თქვენს თხოვნას". მძიმე მდგომარეობა შეიქმნა. ფიცის ქვეშ, მეფე არ აასრულებდა ანაქსიმენეს თხოვნას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მაკედონელები ქალაქს გაანადგურებდნენ.


მაშინ ბერძენი ფილოსოფოსი არ დაიბნა.


- მეფევ! - მიმართა ანაქსიმენემ ალექსანდრეს, - გთხოვთ, დაანგრიოთ ქალაქი. ფიცის თანახმად ალექსანდრემ რაღა თქმა უნდა არ შეასრულა ანაქსიმენეს „თხოვნა" და ქალაქი ლამპსაკიც გადარჩა.


ნუცა დუმბაძე

მანანა ჯანელიძე


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner