სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ კორეა და აშშ მტკიცე ნაბიჯებს გადადგამენ ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გაშვებასთან დაკავშირებით.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა ჩონ გიონ დუმ საგანგებოდ სატელეფონო საუბარი გამართა თავის ამერიკელ კოლეგასთან ჯოზეფ დანფორდთან.
„მხარეები შეთანხმდნენ, რომ უმოკლეს ვადაში საპასუხო ზომებს მიიღებენ, რაც მოკავშირეების სიმტკიცეს ცხადყოფს", - ნათქვამია განცხადებაში.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ „ფხენიანის ქმედებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს კორეის ნახევარკუნძულისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის".
ჯოზეფ დანფორდის განცხადებით, მოკავშირეებმა თანამშრომლობა უნდა გააქტიურონ, რათა ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციულ ქმედებებს დაუპირისპირდნენ.
გუშინ, იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას შეატყობინა ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვების შესახებ, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილს გადაუფრინა.