logo_geo
eng_logo
კულტურის სამინისტროში შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობასა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ
- +

29 აგვისტო. 2017. 13:34



მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება!


ოთხშაბათს, 30 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე პრესკონფერენციას გამართავენ. პრესკონფერენციაზე ისინი შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის მნიშვნელობაზე, მონაწილე ქვეყნებსა და ფოლკლორულ ჯგუფებზე, გალა კონცერტის დეტალებსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრებენ.



ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით „Check in Georgia"-ს ფარგლებში აჭარასა და გურიაში გაიმართება.



პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან საქართველოში აკრედიტებული ელჩები, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი ქვეყნების მონაწილეობას ფესტივალში. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდება მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.


ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფესტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდე მონაწილე - ეს უკვე დიდი შედეგია. მათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთანავე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება - ფლამენკოს შემსრულებლები ესპანეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი „La Moneta & Flamenco". მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან. ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ. მნიშვნელოვანია, რომ  ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება", - ფესტივალის დეტალებზე საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.



შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი 2016 წელს აიღო და 2 მნიშნელოვან ლოკაციას - ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. წელს, ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება, თუმცა გურიასთან ერთად  აჭარაც უმასპინძლებს.  ღონისძიება სამ დღის განმავლობაში გაგრძელდება და კონცერტები 31 აგვისტოს და  1 სექტემბერს, ბათუმსა და ურეკში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე" დასრულდება. ფესტივალი  7 ქვეყანას მასპინძლობს.  მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner