გაერო-ში აშშ-ის ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების გაშვებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს არღვევს და საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ უნდა დაგმოს ამგვარი ქმედებები.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოს ყველა, 15-ვე წევრი გმობს ჩრდილოეთ კორეის მიერ იაპონიასთან მიმართებაში გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯს", - აცხადებს ჰეილი.
მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ უნდა შეწყვიტოს რაკეტების გაშვება და გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები შეასრულოს.
„ჩვენ ყველანი ვითხოვთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ შეწყვიტოს რაკეტების გაშვება. ჩვენ ყველანი ვითხოვთ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უარი თქვას ბირთვულ იარაღზე. ჩრდილოეთ კორეამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციები დაარღვია. ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეასრულონ ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები. დადგა დრო, ჩრდილოეთ კორეამ აღიაროს, რომ თვითონ ჩააყენა თავისი თავი სახიფათო სიტუაციაში", - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.