გენერალ რომან დუმბაძის შვილის დიანა დუმბაძის განცხადებით, მამამისის მკვლელობის საქმეში მეგის ქარდავას გვარი ოჯახისთვის სიახლე იყო. ამის შესახებ დიანა დუმბაძე „20/30"-ს ესაუბრა და აქვე განაცხადა, რომ 4 წლის განმავლობში მამის საქმის კონტექსტში ქარდავას გვარი არ დასახელებულა.
„რაც შეეხება მკვლელობის შემსრულებლებს, ჩემთვის უცნობია, მათ დაასახელეს თუ არა კონკრეტული შემკვეთები",- განაცხადა დიანა დუმბაძემ და აღნიშნა, რომ მკვლელობის საქმის იმ მოტივს, რა გზითაც საქართველოს სამართალდამცველები ახლა მიდიან, ოჯახი ეთანხმება. კერძოდ, მკვლელობის მოტივი პოლიტიკურია და რომან დუმბაძის სამსახურთან იყო დაკავშირებული.
ადრე დასახელებულ მკვლელობის მოტივს - კრიმინალურ გარჩევას და ბიზნესდავას ოჯახი გამორიცხავს.
გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის შეკვეთაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავაა ბრალდებული. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
როგორც ბრიფინგზე აღნიშნა, მეგის ქარდავა შუამავლის მეშვეობით რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ მოსკოვში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას დაუკავშირდა და რომან დუმბაძის მკვლელობა შეუკვეთა. 2012 წლის 21 მაისს მოსკოვში 4-კაციანმა ჯგუფმა აღნიშნული მკვლელობა გარკვეული თანხის სანაცვლოდ განახორციელა.