საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი „Freedom House"-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშს აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის მოტივაცია უნდა გახდეს.
როგორც სესიაშვილმა განაცხადა, „Freedom House"-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში დემოკრატიის ხარისხი უარესდება, თუმცა საქართველოში უმჯობესდება, რაც მისი შეფასებით, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
„კვლევას არ უნდა დავაკვირდეთ მხოლოდ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და აუცილებლად უნდა დავინახოთ თავისი მასშტაბით. თუ დავაკვირდებით ამ კვლევას, ვნახავთ, რომ უმეტეს ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა. რამდენიმე ქვეყანაა გამონაკლისი, სადაც დემოკრატიის ხარისხი გაუმჯობესდა და მათა შორისაა საქართველო. ძირითადი გაუმჯობესება სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ეხება და ეს რეალურად არის ის ძირითადი კომპონენტი, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიის საფუძვლებს განსაზღვრავს. ამიტომ, ამ ნაწილში შესაბამისი მაჩვენებლის გაუმჯობესება ძალიან ბევრს ნიშნავს", - აღნიშნა სესიაშვილმა.
რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, სადაც გაუმჯობესება ვერ აისახა, სესიაშვილის შეფასებით, აღნიშნულ ნაწილში „Freedom House" მედიის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს ეყრდნობა და შეფასებას თვითონ არ ახდენს.
„აქ ნახსენებია „რუსთავი 2", სხვა მედიასაშუალებები, რომელთა განცხადებებსაც ეყრდნობა ეს ორგანიზაცია და თვითონ არ ახდენს მის შეფასებას.
ანუ, რამდენადაც მედიასაშუალებების წარმომადგენლები უჩივიან მათ მიმართ, მათი შეფასებით ზეწოლას, ორგანიზაცია ამ განცხადებებს ეყრდნობა.
ამ შემთხვევაშიც, დარწმუნებული ვარ, ეს მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული იქნებოდა, რომ არა ის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც „რუსთავი 2"-ს უკავშირდება, თუმცა მაჩვენებელი რომ არ გაუარესდა, ეს მაჩვენებელია იმისა, რომ „Freedom House"-მა გაითვალისწინა ის, რომ ეს არ უკავშირდება მედიის შეზღუდვას", - განაცხადა სესიაშვილმა.
„Freedom House" დემოკრატიის დონის გაუმჯობესების ერთ-ერთ ფაქტორად სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დონის გაზრდას ასახელებს. სისტემის დამოუკიდებლობის კუთხით, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 5.00 პუნქტიდან 4.75 პუნქტამდე გაუმჯობესდა.
შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა, არ გაუმჯობესებულა და არ გაუარესებულა მდგომარეობა შემდეგ სფეროებში - ეროვნული დემოკრატიული მმართველობა (5,50 პუნქტი), საარჩევნო პროცესი (4,50 პუნქტი), სამოქალაქო საზოგადოება (3,75 პუნქტი), დამოუკიდებელი მედია (4.00 პუნქტი), ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა (5,25 პუნქტი), კორუფცია (4,50 პუნქტი).