საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ქართულ დანაყოფებთან ერთად, უკრაინის, აზერბაიჯანის, თურქეთის და ირანის ავიაცია ჩაერთვება.
„პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ, საქართველოში უკრაინული სამაშველო თვითმფრინავი გამოფრინდა, რომელიც ხანძრის ჩაქრობის პროცესში უახლოეს საათებში ჩაერთვება.
დახმარების მზადყოფნა გამოთქვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად აბასთუმანში ცეცხლის ლოკალიზებაზე იმუშავებს აზერბაიჯანის ვერტმფრენიც, რომელიც უკვე გამოფრინდა საქართველოსკენ.
რამდენიმე საათში, თურქეთიდან საქართველოში ორი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოფრინდება.
ორი სახანძრო-სამაშველო ვერტმფრენით საქართველოს ირანის ისლამური რესპუბლიკაც დაეხმარება.
ამ დროისთვის, აბასთუმანში მობილიზებულია შსს-სა და სხვა უწყებების შესაბამისი სამსახურები. ადგილზე 1000-მდე ადამიანი, ცოცხალი ძალა მუშაობს.
მთელი ღამე შეუჩერებელი მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების მასშტაბები არ გაზრდილა. გაჭრილია, დაახლოებით, 5 კილომეტრამდე გზა, რათა სპეცტექნიკამ ხანძრის კერებამდე მისვლა მოახერხოს.
გუშინვე მოეწყო ხელოვნური წყალსაცავები ავიაციის მიერ წყლის ასაღებად.
საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობს", - ნათქვამია საგანგებო შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.