logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: პირობას გაძლევთ!
- +

12 აპრილი. 2016. 17:54


ევროკავშირი საქართველოსთვის რეჟიმის გამარტივებისთვის ემზადება, თუმცა ბევრმა, ალბათ, არ იცის, რომ ამ პროცესს თავისი დამაბრკოლებელი ფაქტორებიც ახლავს, მაგალითად, ისეთი, როგორიც ევროპაში მცხოვრები არალეგალები და ქართველი კრიმინალებია... საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დასავლეთ ევროპის ბევრი ქვეყანა ამ მიზეზის გამო საქართველოსთან ვიზების გამარტივებას სკეპტიკურად უყურებდა. სკეპტიკოს ქვეყნებს შორის განსაკუთრებით გამოირჩეოდა გერმანია. გასულ კვირას შინაგან საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ეწვია გერმანიის თითქმის ყველა ფედერალური მიწის სამართალდამცავი ორგანოს ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განიხილა ეს პრობლემა.


გიორგი მღებრიშვილი ვიზიტის შედეგებით კმაყოფილია. შინაგან საქმეთა მინისტრმა საფრანგეთსა და გერმანიაში გამართული შეხვედრების დეტალები გაზეთ „პრაიმტაიმთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შეაჯამა.


მაშ ასე, რას ფიქრობს მღებრიშვილი ევროპაში მოქმედ ქართველ კრიმინალებზე, ქვეყნიდან გაქცეულ „კანონიერ ქურდებზე", უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე და საპარლამენტო არჩევნებზე? ამ თემაზე გათავაზობთ ინტერვიუს შინაგან საქმეთა მინისტრთან.


- ბატონო გიორგი, პირველ რიგში, მინდა შეაჯამოთ თქვენი ვიზიტი... კონკრეტულად რა პრობლემატიკა განიხილეთ ფრანგ და გერმანელ კოლეგებთან?

 

- ეს ვიზიტი იყო საკმაოდ ნაყოფიერი და დატვირთული. საფრანგეთში შევხვდი ჩემს კოლეგას ბერნარ კაზნევს. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე, ასევე, საერთო გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე. საფრანგეთიდან გადავინაცვლე გერმანიაში. მოგეხსენებათ, გერმანია ფედერალური ქვეყანაა, დღემდე ფედერალური მიწების შს მინისტრებთან შესახვედრად არც ერთი ჩემი წინამორბედი არ ყოფილა, რატომღაც აქცენტი ყოველთვის ბერლინზე კეთდებოდა. ამიტომ გადავწყვიტე,  რიგი ფედერალური მიწების შს მინისტრებს შევხვედროდი, რათა ადგილზე გავცნობოდი რეალურ ვითარებას და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დაგვესახა. რა თქმა უნდა, ბერლინში შევხვდი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მეზიერს.


საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა ვიზიტს, არა მხოლოდ ჩვენი კოლეგებისა, არამედ გერმანული მედიის მხრიდანაც. გარდა ამისა, გვქონდა პოლიტიკური შეხვედრები ბუნდესტაგშიც, სადაც ვესაუბრე მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-ნაციონალური კავშირის შინაგან საქმეთა საკითხებზე პოლიტიკურ სპიკერს შტეფან მაიერს. ასევე, შევხვდი და ვესაუბრე ფედერალური კანცლერის სამსახურის უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ევროპული პოლიტიკის დეპარტამენტების ხელმძღვანელებს. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, ვიზიტი ძალიან შედეგიანი იყო.


- ხშირად გვსმენია, რომ საფრანგეთში, გერმანიაში, ასევე, სხვა ევროპულ ქვეყნებში ჩასული ქართველები სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობას ეწევიან... ეს საკითხი შესაძლოა, გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაბრკოლებად?

 

- საქართველომ წარმატებით შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა პუნქტი, რაც პოზიტიურად აისახა კიდეც ევროკომისიის ანგარიშში. თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ კუთხით დიდი სამუშაო გასწია.


რაც შეეხება ევროპის ქვეყნებში მოქმედ ქართველ დამნაშავეებს, არ დაგიმალავთ და ეს მართლაც პრობლემაა. მაგალითად,, გერმანიაში არის ფედერალური მიწები, სადაც გაზრდილია ქართველების მიერ ჩადენილი კრიმინალი. ვიზიტისთვის მე შევარჩიე სწორედ ის მიწები,სადაც საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა კრიმინალურ საქმიანობაში არიან შემჩნეული, რათა ადგილზე მიმეღო დეტალური ინფორმაცია და ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ერთად, კონკრეტული სამოქმედო გეგმები დაგვესახა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველები, ამ მხრივ, ლიდერები ნამდვილად არ არიან. მაგალითად, ბავარიაში, ეთნიკური თვალსაზრისით, ქართველი დამნაშავეები 23-ე ადგილზე არიან, სხვა დამნაშავეებთან შედარებით. ის, რაც უცხოურ პრესაში იწერება, საფუძველს მოკლებული არ არის, თუმცა, ხშირად გაზვიადებულია. ვფიქრობ, ეს ზოგჯერ მიზანმიმართულად ხდება. მოგეხსენებათ, არიან ძალები, რომელთა ინტერესში არ შედის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ვიზალიბერალიზაცია.


ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა კონკრეტული ქმედითი ღონისძიებები, რომ ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული მინიმუმამდე შემცირდეს. სანამ ჩემი ქვეყნის ერთი მოქალაქე მაინც იქნება შემჩნეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში, მე ამ მიმართულებით აქტიურად ვიმოქმედებ.


მე გამოვხატე მზაობა, რათა ერთად დავამარცხოთ ქართული კრიმინალი გერმანიაში. ეს ადამიანები სერიოზულ საფრთხეს უქმნიან ქვეყნის სახელს, იმიჯსა და რეპუტაციას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ტომას დე მეზიერმა ჩემთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე ათას არაკეთილსინდისიერ ქართველს ჩვენს ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებს ვერ გავაფუჭებინებთ.


იგივე თემებს შევეხეთ საფრანგეთის შს მინისტრთან და შეიძლება ითქვას, ტექნიკურ დეტალებამდეც კი განვიხილეთ ამ პრობლემასთან ბრძოლის საკითხები.


- არის ასეთი მოსაზრებაც, რომ, თუ ვიზები გამარტივდება, ეს ევროპის ქვეყნებში ქართული დანაშაულებრივი დაჯგუფებების რაოდენობას გაზრდის. ამ მხრივ, რაიმე წინაპირობას თუ აყენებს თუნდაც გერმანია, ან საფრანგეთი და როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის პრევენცია?

 

- ამის რისკები შესაძლოა, არსებობდეს, მაგრამ, თუ დანაშაულის ხასიათს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამას ორგანიზებული ხასიათი არ აქვს. ძირითადად, ესენი არიან ინდივიდუალურად ჩასული პირები, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. მათი დიდი ნაწილი გერმანიაში სწორედ „თავშესაფრის მაძიებლის" სტატუსით იმყოფება. ჩემს გერმანელ კოლეგებს საფუძვლიანი და, ვფიქრობ, სრულიად სამართლიანი მოსაზრება აქვთ, რომ ეს ადამიანები „თავშესაფრის მაძიებლების"  საკითხის განხილვის ევროკავშირში არსებულ გახანგრძლივებულ პროცედურებს იყენებენ, როგორც შესაძლებლობას, ქვეყანაში დანარჩენ და სხვადასხვა კრიმინალური საქმიანობით დაკავდნენ. შესაბამისად, ჩვენი ინტერესია, რომ ამ არაჯანსაღ მიდგომას საერთო ძალისხმევა დავუპირისპიროთ.


გერმანის შს მინისტრმა პირადად დამიდასტურა, რომ ამჟამად გერმანიაში საქართველოსთვის „უსაფრთხო ქვეყნის" სტატუსის მინიჭების საკითხი აქტიურად განიხილება. აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გერმანულმა მხარემ კარგად იცის, რომ საქართველოში ადამიანები სხვადასხვა ნიშნით, მათ შორის, პოლიტიკური  ნიშნით არ იდევნებიან. ამიტომ ბავარიაში, მაგალითად, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნით ჩამოსულ პირთა 995-ზე მეტს უარი ეთქვა. თუკი საქართველო მარლაც მოხვდება უსაფრთხო ქვეყნების სიაში, შასაბამისად, ამ ადამიანებთან მიმართებაში, ეს, გარკვეულწილად, იქნება დანაშაულის პრევენციაც.


სამწუხაროდ, კრიმინალი ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. კრიმინალს არა აქვს არც საზღვრები და არც ეროვნება. მაგრამ ჩვენ მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ მის შესამცირებლად. აქედან გამომდინარე, ვენ შევთანხმდით ერთობლივ მოქმედებებზე. სამწუხაროდ, ახლა ტექნიკურ დეტალებს ვერ გავამხელ, მაგრამ ვფიქრობ, შედეგი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება. საქართველოს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში კანონს არ იცავენ, გერმანიის პოლიციას ჩვენ ხელთ არსებული ყველანაირი რესურსით დავეხმარებით და მხარს დავუჭერთ, რათა მათ კანონის წინაშე სათანადო პასუხი აგონ. ეს ადამიანები თავიანთი ქმედებით ცდილობენ, საქართველოს საერთაშორისო დონეზე გაუფუჭონ სახელი, ამიტომ ისინი აუცილებლად მიიღებენ ადეკვატურ პასუხს.


- შესაბამისად, ამ ვიზიტის შემდეგ უნდა ველოდოთ თუ არა იქ მყოფი არალეგალების, მათ შორის კრიმინალების მასობრივ დეპორტაციას?

 

- ჩვენ გერმანულ მხარეს დავეხმარებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით. ვინც დანაშაულს გერმანიის ტერიტორიაზე ჩაიდენს, შეუძლიათ, გერმანული კანონებით აგებინონ პასუხი. შესაძლოა, მათ საქართველოშიც მოიხადონ სასჯელი.


საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება ქვეყანაში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ. ჩემი ვიზიტის დროს, გერმანიასთან მოვაწერეთ ხელი ამ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს.


საერთოდ, ყველა დონეზე სამუშაო შეხვედრებისას გერმანულმა მხარემ საქართველო დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად დაასახელა და მადლობა გადაგვიხადა წარმატებული თანამშრომლობისთვის, მათ შორის, რეადმისიის მიმართულებით. ევროკავშირთან რეადმისიის ხელშეკრულების ფარგლებში, თითქმის 1005-მდე მოთხოვნა კმაყოფილდება. ვფიქრობ, ეს მკაფიო გზავნილი უნდა იყოს საქართველოს ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელსაც ევროპაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით წასვლა სურს.


ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაღრმავდა. ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 15 ქვეყანასთან უკვე დავდეთ საერთაშორისო ხელშეკურლება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ. მალე შევუერთდებით ევროპულს - შეთანხმება თითქმის დასრულებულია. ჩვენ დავნიშნეთ პოლიციის ატაშეები ავსტრიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. სხვათა შორის, იმ ქვეყნებში, სადაც პოლიციის ატაშე წარვგზავნეთ, ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაული სწრაფად იხსნება და დანაშაულის ჩადენის ტენდენციაც კლებადია. გარდა ამისა, ჩვენი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს ე.წ. სპონტანური სახის თანამშრომლობას ბევრ ევროპულ ქვეყანასთან, რაშიციგულისხმება საპოლიციო თანამშრომლობა მოთხოვნის გარეშე, ანუ როდესაც გვაქვს ინფორმაცია, დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ, ჩვენ მყისიერად ვაცნობებთ ჩვენს კოლეგებს, მიუხედავად იმისა, მიღებული გვაქვს თუ არა მათგან მოთხოვნა. და, რაც მთავარია, ინფორმაციის მუდმივი გაცვლა. მე, როგორც პრაქტიკოს პოლიციელს, რომელმაც კარიერა რიგითი გამომძიებლობიდან დავიწყე, კარგად მესმის, რომ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში გადამწყვეტი მნიშვნელობა ინფორმაციას ენიჭება. ევროპელ კოლეგებან შეხვედრისას შევთანხმხით, რომ შევინარჩუნებთ და გავაღრმავებთ ჩვენს შორის არსებულ პოზიტიურ უთიერთობებს, ერთმანეთს გავუზიარებთ ინფორმაციას, გამოცდილებას და დანაშაულთან ბრძოლის საერთო სტრატეგიას შევიმუშავებთ.


- თქვენს შეხვედრებზე განხილვის თემა იყო თუ არა ე.წ. „კანონიერი ქურდები"? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრი „კანონიერი ქურდი" სწორედ ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას აფარებს თავს...

 

- დიახ, ჩვენ გვქონდა საუბარი ე.წ. „კანონიერ ქურდებზეც".


ცოტა ხნის წინ დავასრულეთ საქართველოსთან ნებისმიერი კავშირის მქონე ე.წ. „კანონიერი ქურდის" აღრიცხვა და ინტერპოლის ცირკულარზე აყვანა. ეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს საშუალებას მისცემს, ასეთი პირების მიმართ ინფორმირებული და სწრაფი გადაწყვეტილება მიიღონ.

 

- რაც შეეხება სხვა თემებს... გასულ კვირას ფარული ჩანაწერების საქმეზე თქვენი უწყების ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავეს... როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა ეს სისტემური ხასიათის დანაშაული და დღეს რამდენად გაწმენდილია შსს ასეთი ჩინოსნებისგან?

 

- რა თქმა უნდა, ეს იყო სისტემური დანაშაული. ის ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, უწყებაში აღარ მუშაობენ. თუკი მსგავსი რამ გამოიკვეთება, პირობას გაძლევთ, რომ ასეთი ადამიანების მიმართ მყისიერად იქნება გადაწყვეტილება მიღებული. შესაძლოა, თეორიულ დონეზე დავუშვათ, რომ ვინმე ასეთი იყოს შემორჩენილი, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ჩვენი მიდგომა - ყველა ასეთი პირის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებელნი.


- ცოტა ხნის წინ ევროპის ცენტრი მორიგი ტერორისტული თავდასხმის სამიზნეგახდა... ცხადია, ეს პროცესები აისახება ჩვენს რეგიონზეც და უშუალოდ საქართველოზეც... როგორც სუს-ის უფროსმა აღნიშნა ტერორისტული მიზნებით „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში საქართველოს 50-მდე მოქალაქე იბრძვის... რამდენად დაცულია ამჟამად ქვეყანა ტერორიზმის საფრთხისგან? როგორ კონტროლდება საზღვრები?

 

- 2015 წელს ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და ტერორიზმის კრიმინალიზაციის მიმართულებით. ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთის ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ უკანონო ფორმირებებში მონაწილეობს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ უმალ იქნება დაპატიმრებული. ასევე, დასჯადი გახდა ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის მიზნით სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა და საჯარო მოწოდებები ძალადობისკენ. იცით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები და მაგალითები, როცა აღნიშნული საქმიანობისთვის დაკავებული პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მივეცით.


ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის შემუშავებაზე, რაც საზღვრისა და მიგრაციის მართვის სფეროში არსებული რისკების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ჩვენ შევიმუშავეთ მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები საზღვრის მართვისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. წლიდან წლამდე საზღვრის დაცვის შესაძლებლობის გაზრდისთვის მილიონობით დოლარი იხარჯება. ამაში გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნები - აშშ, ევროკავშირი.


გავამკაცრეთ უსაფრთხოების ზომები ქვეყნის საზღვრებსა და ევროპორტებში, ასევე, სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე.


რა თქმა უნდა, ცალკეული შემთხვევებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ჩვენ ძალ-ღონეს არ დავიშურებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოება.


- უკვე ცნობილია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება... რა რეჟიმში იმუშავებს პოლიცია წინასაარჩევნო პერიოდში და უზრუნველყოფთ თუ არა სისტემის დეპოლიტიზებას?

 

- კანონმდებლობის თანახმად, პოლიცია აპოლიტიკური უწყებაა. 2012 წლის ოქტომბრიდან პოლიცია სრულიად დეპოლიტიზებულია.


ჩვენ არ შეიძლება რაიმე ფორმით ჩართული ვიყოთ საარჩევნო პროცესში, გარდა ერთადერთისა - დავიცვათ მართლწესრიგი და ჩვენ მოქალაქეების უსაფრთხოება. ბუნებრივია, წინასაარჩევნო პერიოდშიც და არჩევნების დღესაც ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებულნი, რათა უსაფრთხოდ და მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები. ჩვენი მხრიდან რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა გამორიცხულია. პირადად მეც არც ერთ პარტიას არ ვეკუთვნი.


- არც აპირებთ?

 

- არა.


- ამბობენ, ზოგიერთი მინისტრი მთავრობიდან საარჩევნო სიაში გადაინაცვლებსო... თქვენ არ გქონიათ ამ საკითხზე კონსულტაციები?

 

- არა, ჩემთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა. მე ვაკეთებ ჩემს საქმეს. ბევრი გეგმა მაქვს, მათ შორის, უახლოეს პერიოდში. წინ ბევრი საინტერესო პროექტია განსახორციელებელი.

 

მირიან ბოქოლიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner