logo_geo
eng_logo
გიორგი მღებრიშვილი: აბასთუმანში ვითარებას ვაკონტროლებთ, განსაკუთრებული არაფერია
- +

30 აგვისტო. 2017. 20:57



საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა აბასთუმანში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხანძრის ლოკალიზების პროცესში ორი თურქული ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი დილიდან ჩაერთვება.


"ხვალ დილიდან უკვე ორი თურქული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავი დაგვემატება. ხვალ დილიდან ისევ ახალი ძალებით განვაახლებთ ხანძრის ქრობის პროცესს", - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, ​მეხანძე-მაშველებისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძირითადი ნაწილი ღამით აბასთუმნის ტყეს დატოვებენ, თუმცა ნაწილი 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ.

 

„დღის ბოლოსთვის ჩვენი მეხანძრე მაშველები, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის ძირითადი ნაწილი ტყიდან გამოგვყავს, ბინდდება, მიუხედავად ამისა, მორიგე ჯგუფები ადგილზე რჩებიან, რათა 24 საათის განმავლობაში იმორიგეონ. მოგეხსენებათ რელიეფი ძალიან რთულია და ცოცხალ ძალასაც უჭირს იქ მუშაობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვტოვებთ გარკვეულ ნაწილს, რათა ღამით არ მოხდეს ცეცხლის გავრცელება", - განაცხადა მინისტრმა.


მისივე თქმით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც მინისტრმა აღნიშნა აბასთუმნის ტყის ხანძრის მასშტაბები ბორჯომის ხეობის ხანძართან შედარებით გაცილებით ნაკლებია.


„იმედი მაქვს რომ ბევრად უფრო მალე მოხდება ამ ხანძრის ლოკალიზება და ლიკვიდაცია, ვიდრე წაღვერის ხანძრის. დამატებითი გზების გაჭრა შეიძლება დაგვჭირდეს. დღეს მთელი დღის განმავლობაში ასევე კიდევ იჭრებოდა ახალი გზები. გარდა იმისა, რომ წუხელ დაახლოებით 5 კილომეტრამდე გაიჭრა გზა, დღეს დაემატა დაახლოებით 1 კილომეტრი. თუ ამის აუცილებლობა იქნება, მძიმე ტექნიკა რჩება ადგილზე", - განაცხადა მღებრიშვილმა.


მინისტრის თქმით, ირანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ხვალ იქნება ზუსტად ცნობილი ჩაერთვება თუ არა ირანული ავიაცია.


მისი თქმით, ვერტმფრენების ის რაოდენობა, რომლებიც ხვალიდან ჩაერთვებიან, სავარაუდოდ ხანძრის ლოკალიზებისთვის საკმარისი იქნება.


გიორგი მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე ხანძრის სამი კერაა და ყველა მათგანი კონტროლის ქვეშაა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner