logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ზალას ბოსტანში მიუხტნენ?!
- +

31 აგვისტო. 2017. 02:11



აჰა, ხალხო, ზაალ უდუმაშვილმა თბილისის მერია უკვე დააკომპლექტა. გამოვიდა დილაუთენია დროებით შემოღობილ ბოსტანში, შერეკა თავისიანები გაცისკროვნებული სახეებით (ეს ერთგვარი პიარია) და თქუა: აი, ისინი, რომლებიც ამიერიდან მოემსახურებიან დედაქალაქსო. ისინი კი იდგნენ მომღიმარნი და გულში ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ზღაპარი. დიახ, მათთვის კეთილი, მაგრამ მაინც ზღაპარი.


ამ დროს გამოხტა ვინმე მავანი, რომელსაც თურმე „ნაცმოძრაობის" მმართველობის პერიოდში სახლ-კარი გააყიდინეს და გააუბედურეს და შესძახა: ეს თქვენ გაგვაუბედურეთ, თქვენ! მავანი იწევდა, გამიშვით, ყველას სათითაოდ უნდა დავამტვრიო ცხვირ-პირიო. არ გაუშვეს, დაიჭირეს, თან ჭკუაზე დაარიგეს, ცოტა კორექტულადო. ჰა, ჰა, ჰა... კორექტულადო, კაცოოო!!!


ზალა შეყოვნდა, მისმა თანამეინახეებმაც შეინარჩუნეს ღიმილნარევი სიმშვიდე. თან გულში გაიფიქრეს, ნეტა ეგეთი რაღაცები როდის იყოო? ეგ გამორიცხულია, „ნაცმოძრაობა" მაგას არ ჩაიდენდა, თუ ვიღაც მეგის ქარდავამ რაღაცები მიჰქარა, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ჩვენ განვახლდით, დავფიქრდით, გამოვსწორდით, ვერ გვიყურებთ, როგორ ვიღიმითო?


ზალამ განაგრძო: მეო, აი, რომ მიყურებთო, მზად ვარ თბილისისთვის ვიბრძოლო და გავიმარჯვოო. დიახ, ზუსტად ეგრე თქვა, უნდა გავიმარჯვოო. ჰოდა, მერიაში ხარჯებიც უნდა შევამციროო, ხალხს უნდა მივხედო, დავაპურო და ზედ გადავყვეო. ვისაც არ გჯერათ, გამატარეთო... უფრო სწორად, გაგვატარეთო.


ეგ ზღაპარია, მაგრამ დავუშვათ, ზალამ გაიმარჯვა და საკრებულოში კიდევ დეპუტატების უმრავლესობა აღმოჩნდა „ქართული ოცნებიდან", მერე რას შვრება, საიდან მოაქვს დედაქალაქის დასაპურებელი ფულები? კიდევ ერთი - ამ საკრებულომ რომ ჩაიფიქროს და ზალას მოუწყოს იმპიჩმენტი, ხომ გამოაბუნძულებენ იმ შენობიდან? გამოდის, დედაქალაქში საკრებულოც უნდა მოიგოს „ნაცმოძრაობამ", რაც, ვიმეორებ, ზღაპარია.


მოკლედ, ზალას და მის მიმდევრებს ღიმილიანი სახეები ოქტომბერში შეეცვლებათ და რანაირ ფიზიონომიას მიიღებენ, ჯერ არავინ იცის. თუმცა ადვილი გამოსაცნობია - ეს იქნება მჟავე კიტრის ფიზიონომია!


გელა ზედელაშვილი












 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner