logo_geo
eng_logo
გოგი თოფაძე: გავიდნენ „რესპუბლიკელები“ კოალიციიდან, გავალთ ჩვენც და ისე ვიყაროთ კენჭი არჩევნებზე
- +

20 თებერვალი. 2016. 13:07


 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე რესპუბლიკურ პარტიასთან მის დაპირისპირებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ აღნიშნული უთანხმოება თინა ხიდაშელმა წარმოშვა. როგორც თოფაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავდაპირველად შეურაცხყოფა თოფაძეს ხიდაშელმა მიაყენა.


„თავად თინა ხიდაშელმა მომაყენა შეურაცხყოფა საჯაროდ. მე მას გავეცი პასუხი და დავადანაშაულე, რომ ის არაკორექტულად მოიქცა შუალედურ არჩევნებზე. ის არაკორექტულად მოიქცა, როდესაც 527 ჯარისკაცი ჩაიყვანა საგარეჯოში. ზუსტად იმავე თვეს, არჩევნებამდე, თეა წულუკიანთან ჩატარდა თათბირი ამ თემაზე და შეიქმნა ოქმი ნომერი სამი, რომლის თანახმადაც, მუხროვანის მეცამეტე უბანზე სულ 25 ჯარისკაცი იყო და ეს უბანი არ უნდა გახსნილიყო. იმ 25 კაცს ვანაწილებდით სხვა უბნებზე. ამის მერე, თავდაცვის მინისტრმა თავის თავზე აიღო და 527 კაცი ჩაიყვანა საგარეჯოში მთელი საქართველოდან. პრაქტიკულად, ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს არჩევნების შედეგი. ხიდაშელის თანაგუნდელები ტყუილად ცდილობენ, რომ გაამართლონ ეს ყველაფერი. დაისმის კითხვა, რა დაუჯდა ეს ყველაფერი სამინისტროს და რატომ უარყოფს ხიდაშელი, რომ მოხდა ეს დარღვევა? თუ არ იცოდა, ხმამაღლა განაცხადოს", - აცხადებს თოფაძე.


გახდება თუ არა აღნიშნული დაპირისპირება  კოალიციიდან „მრეწველების" გასვლის მიზეზი,-  ამ კითხვაზე თოფაძე პასუხობს, რომ ასეთ „სენსაციურ" განცხადებებს მხოლოდ დავით ბერძენიშვილი აკეთებს ხოლმე.


„დავით ბერძენიშვილი ხშირად აკეთებს ასეთ „სენსაციურ" განცხადებას. მეტსაც გეტყვით, ცდილობენ, რომ ჩვენი ფრაქციიდან ვინმე გადაიბირონ. ასეთი განცხადებები ქმნის რაღაც აჟიოტაჟს", - განაცხადა თოფაძემ.


რაც შეეხება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს, თოფაძე აცხადებს, რომ მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ „მრეწველებიც" და „რესპუბლიკელებიც" დატოვებენ კოალიციას და მონაწილეობას ცალ-ცალკე მიიღებენ.


„ერთი პირობით მივიღებ მონაწილეობას. გავიდნენ ისინიც და ჩვენც კოალიციიდან და ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭი, რომ დავანახოთ, რა ავტორიტეტი აქვთ მათ საზოგადოებაში. ვიყაროთ ორივემ ცალკე კენჭი და მერე გავერთიანდებით თუ არა, ვნახოთ. სხვა პარტიები დარჩებიან კოალიციაში", - აღნიშნა თოფაძემ.



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner