საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, აბასთუმნის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1000-ზე მეტი თანამშრომელი.
სხვადასხვა მიმართულებით გაიჭრა 5 კილომეტრზე მეტი გზა და ხანძრის კერებთან შეყვანილია ათეულობით ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.
ხანძრის ქრობის პროცესში გამთენიიდან აქტიურად ჩაერთო ავიაცია. ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობს.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოში ასევე შემოვა და ცეცხლის ქრობის პროცესში დამატებით ჩაერთვება თურქეთის 1 თვითმფრინავი და ირანის 2 ვერტმფრენი.
საერთო ჯამში, აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ცოცხალ ძალასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს 8 ერთეული საჰაერო ტექნიკა: 2 თვითმფრინავი და 6 ვერტმფრენი.
საგანგებო შტაბი მუშაობას 24-საათიან რეჟიმში აგრძელებს", - ნათქვამია განცხადებაში.