logo_geo
eng_logo
ტარიელ ხეჩიკაშვილი მსოფლიოს ჩემპიონებს და პრიზიორებს შეხვდა
- +

31 აგვისტო. 2017. 12:56



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მცხეთაში, რესტორან „ქართული ღვინის პალატაში" მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა.


საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სადაც ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობა გაიმართა, საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა: თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ზურაბ იაკობიშვილი (65კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ, ხოლო თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (61კგ), ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რობერტ კობლიაშვილმა (85კგ) და მისმა თანაგუნდელმა რევაზ ნადარეიშვილმა (98კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, საქართველომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობაზე 2 ოქროს მედალი მოიგო!


25 წლის ზურაბ იაკობიშვილი პირველად ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატზე. დიდ ტურნირზე მისი დებიუტი შარშან, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე შედგა, ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე კი მან ბრინჯაო მოიპოვა. და აი, ახლა მსოფლიოს ოქრო! ფინალში ზურაბმა პოლონეთის სახელით მოჭიდავე დაღესტნელი მაგომედმურად გაჯიევი დაამარცხა, რომელმაც დაჯილდოების ცერემონიისას ჩემპიონთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ისევე, როგორც იაკობიშვილისგან ძლეულმა ბრინჯაოს პრიზიორმა, რუსმა ალან გოგაევმა...


პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი გენო პეტრიაშვილიც, რომელმაც დიდ ტურნირებზე კარიერაში მეორე ოქრო მოიგო. შარშან, ლატვიის დედაქალაქ რიგაში პეტრიაშვილმა ევროპის უძლიერესი ფალავნის სახელი მოიპოვა.


პარიზული ოქრო ქართველი მძიმეწონოსნის კარიერაში მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებული მესამე მედალია. 2013 წელს ბუდაპეშტში, ორი წლის წინ კი ლას-ვეგასში პეტრიაშვილი მესამე იყო. ფინალურ შეხვედრაში გენო პეტრიაშვილმა უძლეველად შერაცხილი თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა - 10:8! მეტოქე უძლიერესი რომ იყო, ამას მისი ტიტულებიც მოწმობს: ოლიმპიური, ორგზის მსოფლიო, ოთხგზის ევროპის, ევროპის პირველი თამაშების და უნივერსიადის ჩემპიონი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner