logo_geo
eng_logo
რას ნანობს დღემდე ბუბა კიკაბიძე
- +

12 აპრილი. 2016. 18:38


ჟურნალისტი მამისა და მომღერალი დედის ოჯახში გაიზარდა. მამისგან მხოლოდ ერთი მომენტი ახსოვს, ფოტოსურათივით, 4 წლის იყო ქერჩში რომ დაიღუპა. სკოლაში 14 წელი სწავლობდა. სამჯერ ჩატოვეს კლასში. „უცხო ენების ისტიტუტში" სიმღერის ხათრით ჩარიცხეს. სიმღერის გამო მიატოვა სწავლა მეორე კურსზე. მერე იყო „დიელო", „ორერა" და არაერთი კინოგმირი, რომლითაც ის კიდევ უფრო შეიყვარა საზოგადოებამ.


ძალიან საინტერესო ცხოვრებით, ძალიან საინტერესო ბუბა კიკაბიძეა დღეს ჩვენი სტუმარი.


მშიერი წლები და უმამოდ დარჩენილი კლასელები


- ძალიან მშიერი წლები იყო. ასე მგონია, ვისაც ბავშვობაში არ უშიმშილია, არასწორად უყურებს ცხოვრებას. ბავშვობას რომ ვიხსენებ, შიმშილი მახსენდება. მამები აღარ გვყავდა... 80 პროცენტი ჩემი თაობისა უმამოდ დარჩა. პირველ სკოლაში ვსწავლობდი, 35 ბიჭი ვიყავით კლასში და მხოლოდ ერთს ჰყავდა მამა ცოცხალი, სამხედრო ექიმი იყო, მაიორი. რომ მოაკითხავდა შვილს, ლამაზი, მაღალი კაცი, „პაგონებით", შურით ვუყურებდით ყველა. რომ წავიდოდა, მთელი კლასი დავეცემოდით ამ ბიჭს და ვცემდით, გვშურდა, მამა რომ ჰყავდა. არ ვიქცეოდით სწორად, მაგრამ ბავშვურად ასე გამოვხატავდით გულისტკივილს. მამაჩემი, კონსტანტინე, ქერჩში დაიღუპა. ჟურნალისტი იყო პროფესიით. დედები მარტო რას შეძლებდნენ, როგორც ახერხებდნენ ისე მუშაობდნენ. ბავშვები ფაქტობრივად, ქუჩაში ვიზრდებოდით. სხვა ქუჩა იყო მაშინ. სალამი ვიცოდით, დიდი-პატარა ვიცოდით. ყველა გაჭირვებაში ცხოვრობდა და ერთმანეთს პატივს სცემდნენ. მამა რომ დაიღუპა, 4 წლის ვიყავი. თვითონ წავიდა ომში, მხედველობის პრობლემა ჰქონია და არ წაუყვანიათ. დედასთვის უთქვამს, მრცხვენია ქუჩაში სიარული, ყველა წავიდაო და თავისი ინიციატივით წასულა ესეც. მამაჩემი ფოტოკადრივით მახსოვს. წასვლიდან სამი დღის მერე მიმიყვანა დედამ ყაზარმაში. გამოვიდა თეთრთმიანი (ადრე გაჭაღარავებული იყო), სათვალიანი, მაღალი კაცი. ხელში გაზეთით გაკეთებული „კულიოკი" ეკავა, ქიშმიში ეყარა შიგ. ჩაიცუცქა, მე ქიშმიშს ვჭამდი, ის მკოცნიდა. ეს მომენტი მახსოვს, ფოტოსურათივით. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მისი ახლობლები და მეგობრები რასაც მიყვებოდნენ, ძალიან საინტერესო ადამიანი ყოფილა მამა.



ბაგრატიონების შტო, გაციმბირებული დეიდა თამარი და ძილში გარდაცვლილი პაპა


- დედა, ბაგრატიონების მოდგმის არის, ბაგრატიონ-დავითიშვილების შტო, მანანა ბაგრატიონი, ჯანო ბაგრატიონის და. ოთხნი იყვნენ. უფროსი, დეიდა თამარა, ნიკო მიწიშვილის მეუღლე გახლდათ. მწერლები რომ წაიყვანეს და ცისფერყანწელები გაქრნენ, ცოტა ხნის მერე მეუღლეებიც გააციმბირეს. დეიდა თამარაც ციმბირში ცხოვრობდა დიდი ხნის განმავლობაში. ულამაზესი ქალი იყო. მაშინ წერილის დასაწერ „ატკრიტკებზე" იყო მისი ფოტოსურათი... მერე იყო ჯანო, მერე დედაჩემი და მერე ნატო. ცოცხალი აღარავინ არის. პაპაჩემი, კოტე ბაგრატიონი, წითლები რომ შემოსულან, მისმა მცველმა, მოურავმა ჯოხაძემ დამალა თურმე. ვერ ათქმევინეს სად იყო და დახვრიტეს. ასთმა ჰქონდა პაპაჩემს. სულ ამბობდა, სანამ თამარა არ დაბრუნდება, არ მოვკვდებიო. ძალიან ვუყვარდით ყველა, ჩამოივლიდა დილით და თეთრი პური მოჰქონდა შვილებთან. დეიდა თამარა რომ დაბრუნდა, 9 წლის ვიყავი, ყველაფერი წართმეული ჰქონდათ ბაგრატიონებს, ბინები, ქონება. ხალხის მტრებად ითვლებოდნენ. ღამე, გვიან მოვიდნენ სტუმრები მის სანახავად, ჩუმად. პაპამ ერთი ჭიქა ღვინო მოწრუპა, ცოტა ხანს იჯდა სტუმრებთან, მერე წავიდა თავის ოთახში. დილით ადრე დგებოდა. რომ არ გამოვიდა, შეაკითხეს და ნახეს, აღარ იყო ცოცხალი, ძილში წავიდა იმ ქვეყნად. პაპაჩემის ძმა არჩილი საავადმყოფოში იწვა, არ ეუბნებოდნენ ძმის სიკვდილის ამბავს. გაუგია მაინც, მოვიდა, დახედა თუ არა ძმას, გული გაუსკდა და იქვე გათავდა ისიც. ერთად დაკრძალეს ძმები. პანაშვიდებზე ლაპარაკობდნენ, სანამ ის რუსეთიდან არ ჩამოვა, ვერ დავკრძალავთო. მაინტერესებდა ვინ იყო ეს ადამიანი. ჩამოვიდა ვიღაც ხანშიშესული კაცი, ლევ ტოლსტოის მსგავსი წვერით, ჩოხა ეცვა, ბევრი მედალი ეკიდა გულზე, ჯვარიც ეკეთა, დაიჩოქა და ტიროდა კუბოსთან, „ატეც რადნოიო". პაპაჩემის „დეიშიკი" ყოფილა ადრე.


- დედა რა პროფესიი იყო?

 

- მომღერალი გახლდათ. პირველი ჯაზორკესტრი საქართველოში ბიძაჩემმა, ჯანო ბაგრატიონმა ჩამოაყალიბა. ერთ-ერთი განთქმული ქორეოგრაფი იყო, სამი ძეგლი დგას მისი საქართველოში. ახალგაზრდებმა ეს არ იციან. დედაჩემი მღეროდა ჯანოს ორკესტრში. მერე სახელმწიფო კაპელაში მღეროდა და მერე 44 წელი მღეროდა სიონის ეკლესიაში.



14 წლიანი სკოლა და დეიდა რაიას წიგნები

 

- ძალიან ცუდად ვსწავლობდი. სკოლაში, ფაქტობრივად, არ დავდიოდი, მაგრამ სკოლის დამთავრების დროს მივდიოდი დედასთან სიონში და სახლში ერთად მოვდიოდით. ძალიან მორწმუნე ქალი იყო დედაჩემი. ერთხელ ვკითხე ქრისტეზე, რომ მოდიან და ლოცულობენ, შენ გინახავს ეს კაცი-მეთქი. ყოველდღე ვხედავო, მითხრა. ეგ როგორ-მეთქი, გავიკვირვე. ქრისტე შენა ხარ, შენშია, ყველა ადამიანშია ღმერთი, როგორი კაციც გაიზრდები, ისეთი ღმერთი გეყოლებაო, მითხრა.


- როგორი ქუჩა იყო მაშინ?

 

- ასეთი არა, როგორიც ახლაა. ქუჩამ ბევრი რამ მასწავლა. ზრდილობა, უფროს-უმცროსი, სილიერება, პატივისცემა. სხვა ხალხი, სხვა ადამიანობა იყო მაშინ. სახლიდან რომ გავდიოდით, გასაღებს კართან, იატაკის ტილოს ქვეშ ვტოვებდით. ყველა ასე აკეთებდა და არაფრის არ ეშინოდათ. ყოფილი დერჟინსკის ქუჩაზე ვცხოვრობდი, ათ ნომერში. მეორე სართულზე კოტე მარჯანიშვილის ოჯახი ცხოვრობდა. მარჯანიშვილი სახლში დგამდა ხოლმე სპექტაკლებს ბავშვებისთვის. პირველად მანდ ვითამაშე, ყვავი ვიყავი. უნდა დამეჩხავლა, ეს იყო ჩემი პირველი როლი... სკოლაში 14 წელიწადი ვსწავლობდი. პირველად მესამე კლასში ჩამტოვეს. ასეთი არ არსებობდა, გინესის რეკორდებში ვარ შესაყვანი.


- ასეთი რა დააშავეთ?


- არ დავდიოდი სკოლაში. მერე მეექვსე კლასში ჩამტოვეს და მერე მერვეში. „მგლის ბილეთი" მქონდა, ორი წელი არც ერთი სკოლა არ მღებულობდა. ტექნიკუმში მომაწყვეს, ძერწვაზე. ჩემი ტოლები არ იყვნენ იქ, დიდები სწავლობდნენ. ბიძაჩემი იყო მოქანდაკე და იმან ჩამიწყო. დღეში სამჯერ საჭმელს გვაჭმევდნენ, ეს გვიხაროდა. ერთი მასწავლებელი მყავდა, ალადაშვილი გვარად. დედა რომ ტიროდა ჩემი სწავლის გამო, ამშვიდებდა, ნუ ტირი, მანანა, აი, ნახავ, შენი ბიჭი მსახიობი იქნებაო. როგორც იყო მომცეს ატესტატი, ძალიან ცუდი ნიშნებით... ბევრს ვკითხულობდი ძალიან. ეზოში ერთი კარგი ქალბატონი, დეიდა რაია გვყავდა, დეპორტირებული რუსეთიდან, გენერალი ქმარი დაუხვრიტეს. არისტოკრატი ქალი იყო, ძალიან გაჭირვებული. ოთახში ერთი გარდერობი, მაგიდა, სკამი და საწოლი ედგა. დანარჩენი სულ წიგნებით ჰქონდა სავსე. პენსიის ასაღებად რომ მიდიოდა, მე მიმყავდა. მთხოვდა ხოლმე და მივყვებოდი. ვმეგობრობდით, მან მიმახვედრა რა უნდა წამეკითხა, რითი დამეწყო. მან შემაყვარა კითხვა...



ნათხოვარი პიჯაკითა და სიმღერით დაწყებული უმაღლესი განათლება


- სკოლა რომ დავამთავრე, ერთ-ერთი სკოლის მშენებლობაზე დავიწყეთ მუშაობა მე და ჩემმა მეგობრებმა. მუშად ვმუშაობდით. ცოტა ფული გვინდოდა მოგვეგროვებინა, რომ ზღვაზე წავსულიყავით ერთი კვირით მაინც. მაგ დროს ყველაზე მოდური იყო „უცხო ენების ინსტიტუტი". ყველაზე ლამაზი გოგოები ამ უნივერსიტეტში სწავლობდნენ. ქალაქის ბიჭები ამ სასწავლებელთან იყრიდნენ თავს. ყველა ინსტიტუტს ჰქონდა თვითმოქმედი ანსამბლები. ამ უნივერსიტეტიდან დამიკავშირდნენ და მთხოვეს, ჩვენს გამოსაშვებ საღამოზე იმღერეო. მაშინ ბიჭები სადარბაზოებში ვმღეროდით გიტარებით. ეს იცოდა ყველამ. ორი სიმღერა გავაკეთეთ, პიჯაკი მეგობარს ვეთხოვე და გავედით. რექტორი ესწრებოდა ამ საღამოს. უკითხავს, ეს ბიჭი სად სწავლობსო. რომ გაუგია არსად არ ვსწავლობდი, თავისთან მიმიწვია, პედაგოგიც მომამაგრეს, ენაც ადვილად ავითვისე. მოკლედ, გავხდი სტუდენტი. დედას გაეხარდა ძალიან. ამ უნივერსიტეტის ანსამბლში ვმღეროდი. სიმღერა რომ დავიწყე, მიკროფონის ავადმყოფობა დამემართა. ღამით მიკროფონი მესიზმრებოდა. მეორე კურსიდან წამოვედი და წავედი ფილარმონიაში გასასინჯად. მეგონა, ფილარმონიაში მივიდოდი და სიხარულისგან გაგიჟდებოდნენ გამომცდელები. არ მიმიღეს. „ხუდსავეტმა" ასეთი დასკვნა გამოიტანა, - „ევო ხრიპლი გოლოს ნაპამინაეტ ზაგნივაიუშჩი ზაპად". იმ საბჭოს ერთი ადმინისტრატორი ესწრებოდა. საღამოს დამირეკა და მითხრა, ჯგუფი მიმყავს გასტროლზე, თუ გვარს გამოიცვლი, ჩუმად წაგიყვან, დირექციამ რომ არ გაიგოსო. მოკლედ, პირველ გასტროლზე ვიყავი ვახტანგ ბაგრატიონი. ვიმღერეთ როსტოვში. აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. პირველი კონცერტის მერე გამლანძღეს ჟურნალისტებმა. ამის მერე ცუდი სტატია აღარ დაწერილა ჩემზე. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე, კარგად მეძინა, ვაკეთებდი იმას, რაც მსიამოვნებდა. უცხოურ სიმღერებს ვმღეროდით. პირველი მაგნიტოფონი 30 წლის ასაკში ვიყიდე. მანამდე არ მქონდა საშუალება.


როგორ შეიქმნა „უკანასკნელი მეფაიტონე"


- ქართულად სიმღერა როდის დაიწყეთ?

 

- ჯერ იყო „დიელო", მერე „ორერა". ამ ანსამბლზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს. ასეთ რამეს ვერც ერთი მსახიობი ვეღარ ნახავს, რაც ჩვენ იმ წლებში ვნახეთ და გავაკეთეთ. გოგი ცაბაძე, ჯანსუღ კახიძე, მორის ფოცხიშვილი, პეტრე გრუზინსკი თანამშრომლობდნენ ჩვენთან. ანშლაგები იყო ჩვენს კონცერტებზე. იმ პერიოდში ერთი ძმაკაცის სანახავად მივედი საავადმყოფოში. ერთი მოხუცი კაცი იწვა გვერდით. ხილი მივუტანე ძმაკაცს და იმასაც დავუდე. ვერ მიცნო, გამიკვირდა. მაშინ უკვე გვცნობდა ხალხი. ექიმი რომ შემოვიდა, ვკითხე, რა დიაგნოზი აქვს-მეთქი. არაფერი, სიბერისგან კვდებაო, მითხრა. გამომშვიდობებისას დასამშვიდობებლად მივედი კიდევ. ხელი მომკიდა და მითხრა, მე რომ მის სახლთან ჩავივლიდი, ჩემი მტრედი ფანჯრიდან მიყურებდაო. ახლაც ცრემლები მომდის, რომ მახსენდება. მორის ფოცხიშვილთან მოვყევი ეს ამბავი, მეფაიტონე იქნებოდაო, მითხრა. მაშინ გავაკეთეთ ბალადა, უკანასკნელი მეფაიტონე. პირველად რომ ვიმღერე ეს სიმღერა, ექვსჯერ მამღერეს დარბაზის თხოვნით.


შემთხვევით დაწყებული კინოკარიერა

 

- კინო კი მიყვარდა ძალიან, მაგრამ ფილმში თუ გადამიღებდნენ ვერასდროს წარმოვიდგენდი. კოლია სანიშვილი იყო ასეთი რეჟისორი. დამირეკა, ფილმს ვიღებ „შეხვედრა მთაშიო". ვიფიქრე, სიმღერა უნდათ-მეთქი. მაშინ „დიელოში" ვმღეროდი. დამამტკიცეს. ვიფიქრე, დაიწყო ჩემი კინოკარიერა-მეთქი, მაგრამ მას მერე 4 წელი პაუზა მქონდა. ერთხელაც, გია დანელიას ჯგუფიდან დამირეკეს, მოსკოვიდან. საქართველოში ფილმის გადაღებას ვიწყებთ, ხვალ ჩამოვფრინდებით თბილისში, მსახიობებს ვეძებთ და მოდი გასაუბრებაზეო. თურმე ყველა არტისტი ჰყავს მთავარი გმირის გარდა. სცენარში ბენჟამენი იყო სქელი, რიჭა, ოფლიანი, ლოთი კაცი. არაფერი ემთხვეოდა. მივედი გასაუბრებაზე. პარალელურად თურქეთში გასტროლისთვის ვემზადები ჯგუფიდან. თურქეთი მაშინ დახურული ქვეყანა იყო, წარმოუდგენელი იყო იქ გასტროლი. სასტუმრო საქართველოში იყო გასაუბრება, მივედი. იპოლიტე ხვიჩია გამოდის სასტუმროდან. მოვიკითხეთ ერთმანეთი, მოსკოველები არიან ჩამოსულები, როლზე დამამტკიცესო, მითხრა გახარებულმა და წავიდა. შევედი სასტუმროში. ვიღაც პატარა, ყვითელი კაცი გამოვიდა ოთახიდან, სიგარეტს სიგარეტზე ეწევა. მანამდე ნანახი არ მყავდა გია დანელია. თურმე ბოტკინი აქვს. არ მომეწონა, არც გაუღიმია, შემომხედა და მითხრა, აბა დაიყვირეო. ვერ დავიყვირებ კვირა დღეა, დილის ათი საათი, ხალხს სძინავს-მეთი, ვუთხარი. მერე ვიღაც მეორე პატარა კაცი გამოვიდა, სცენარი მომცა, წაიღე და დაგირეკავთო. რომ წავიკითხე სცენარი, ისე მომეწონა, გული დამწყდა. სამი დღის მერე დამირეკეს, გია ვარ დანელია, დღეს დეიდაჩემთან მივდივარ და ხომ არ წამომყვებით სავახშმოდო. წავყევი. მეორე დღეს კიდევ სხვაგან წამიყვანა, მესამე დღეს სხვაგან. მივხვდი, რომ ეს სინჯები იყო. ბოლოს დანიშნა ნიშნობის სცენა. სერგო ზაქარიაძე, სოფიკო რომ დავინახე გადასაღებ მოედანზე, ფეხები წამერთვა. გაიჭედა იქაურობა ვარსკვლავებით. გადავიღეთ ეს სცენა. ამათ გააგზავნეს პოლონეთში ფირი და მე ჩემს „ორერასთან" ერთად წავედი თურქეთში გასტროლზე. აღაც მახსოვს დანელია და „არ დაიდარდო", ინგრევა დარბაზი. სტამბულში მომივიდა „მოსფილმის" დირექტორის დეპეშა, მთავარ როლზე დამტკიცებას მილოცავდა. თბილისში რომ დავბრუნდი გაღიმებული, დანელია ვნახე პირველად, სიყვითლეც გადავლოდა. პირველი გადაღებები რომ დავიწყეთ ბეთანიაში, დიდი ქვა აიღო დანელიამ და მთელი ეს პერიოდი თავის ჯაყვას ლესავდა. გადაღებეების ბოლოს ეს დანა მახათივით გახდა. მოპარვა მინდოდა და ვიღაცამ დამასწრო. აქედან დაიწყო ჩემი კინოკარიერა. მერე, უკვე სცენარებს ვარჩევდი, ზოგს ვთანხმდებოდი, ზოგს - არა.


უნგრეთში დაწყებული სიყვარული


- ქალებზე ლაპარაკი არ მიყვარს, ისე ნახევარ თბილისს ეყოფა (იცინის). საინტერესო დრო იყო ამ მხრივ. ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარული ახლაც სახლშია. 50 წელზე მეტია ერთად ვართ. ოპერის სოლისტი იყო ჩემი მომავალი მეუღლე. უნგრეთში გასტროლზე გავიცანით ერთმანეთი. მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობდით. უცებ საშინელი ყვირილი ატყდა ქუჩაში, ჩავედით დაბლა და გავიგეთ, კენედი მოუკლავთ. შეიცხადა ძალიან, გულში ჩავიხუტე, დავამშვიდე. იქიდან დაიწყო ყველაფერი. ახლა გვყავს ორი შვილი, სამი შვილიშვილი და ერთიც შვილთა შვილი.

 

- თავად რა გამოცდილება გაუზიარეთ შვილებს, როგორ ურთიერთობას ამჯობინებდით მათთან?


- არავისთვის არაფერს ვუკრძალავდი. დემოკრატიული ოჯახი გვქონდა ყოველთვის. ისე გაიზარდნენ ჩემი შვილები, მანეთი არ უთხოვიათ მშობლებისთვის. იციან, რომ არ არის ეს კარგი საქციელი. ყველაფერს ყვებოდნენ, დამალული არაფერი ყოფილა ჩვენ შორის.


- დასასრულ შეცდომებზეც გკითხავთ, ერთი და მთავრი, რომელიც ხშირად გახსენდებათ...

 

- ჩემ წინაშე ბევრს შეშლია... ჩემი შეცდომა, რისიც დღემდე მრცხვენია, დედასთან დავუშვი. არ მოსწონდა ჩემი ხრინწიანი ხმა, ჩემი სიმღერა, ძალიან კრიტიკული იყო. მეუბნებოდა, არ გრცხვენია, შენით ბილეთებს რომ ყიდიან, როგორ მღერიო. მერე ამხელა აღიარება რომ დაინახა, მითხრა, ეტყობა რაღაც მართლა გაქვს და მე ვერ ვხედავ, მოდი მე და შენ ერთად ჩავწეროთ რამე სიმღერაო. მეგონა სანამ მე ვიქნებოდი, დედაც ცოცხალი მეყოლებოდა, რამდენჯერმე გადავდე ჩვენი დუეტის ჩაწერა. ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, თხოვნა ვერ შევუსრულე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სანანებელი დღემდე.


ნინო მჭედლიშვილი


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner