ავტორი ალა გრიგალაშვილი
რა ფორმით აპირებს კოალიციიდან გასული „ეროვნული ფორუმი" „ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობას - იქნება ეს ოპონირება თუ თანამშრომლობა? - ამ საკითხით დავიწყეთ საუბარი ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" წევრთან, დეპუტატ ანი მიროტაძესთან:
- ჩვენ დავტოვეთ უმრავლესობა. ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩვენმა პოლიტიკურმა ყრილობამ. ყრილობის გადაწყვეტილებას კი ვერავინ დაუდგება წინ. დღის წესრიგში არც დგას ამ გადაწყვეტილების გადახედვა. ჩვენ არ გვაქვს აჩემებული პოზა, ვიყოთ ოპოზიციაში ან ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის მსგავსად, გაურკვეველი პოზიცია გვეჭიროს, ამას ნამდვილად არ ვაპირებთ, ზოგადად, ახირებული ოპოზიციონერის პოზაში ყოფნა ჩვენი სტილი არაა! ყველა იმ საკითხზე, რაც სახელმწიფოებრივად იქნება სტრატეგიული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, „ეროვნული ფორუმი" მზად არის, ითანამშრომლოს მმართველ გუნდთან. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ყოფილი პარტნიორებისთვის სრულად არის გასაგები, როგორი პოლიტიკური რეალობაა და მეტ-ნაკლებად ცივილიზებულად შეგვიძლია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით პოზიციების თანხვედრა. რაზეც რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გვექნება, ჩვენ გავამყარებთ შესაბამისი არგუმენტებით, თუ რატომ ვართ კონკრეტული საკითხის წინააღმდეგი.
- კოალიციიდან ცალკე გასულ პოლიტიკურ ძალებს, იმავე „ეროვნულ ფორუმს", რამდენად აქვს მძლავრ კონკურენტულ ოპოზიციად ჩამოყალიბების შანსი?
- „ეროვნულ ფორუმს" აქვს გარკვეული რესურსი და ვფიქრობ, გვაქვს შანსი, გავხდეთ ძლიერი ოპოზიციური პარტია. ჩვენ მალე გადავალთ საარჩევნო რეჟიმში და ვეცდებით, ჩვენი რესურსის სრული მობილიზება მოვახდინოთ. ეს ყველაფერი უნდა გამოჩნდეს პროცესში, ხოლო შედეგები უნდა აჩვენოს არჩევნებმა. შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არის; სამართლიანი პოლიტიკური სივრცის არსებობის შემთხვევაში, გვაქვს შანსი, ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ ჩვენ გაგვაჩნია თანმიმდევრული სტრატეგიული გეგმები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. გაწერილი გვაქვს ეროვნული მნიშვნელობის საკითხები, რაც უკავშირდება პირველ რიგში, ქვეყნის უსაფრთხოებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას ქვეყანაში, ზოგადად, სახელმწიფოებრივ მოწყობას და რაც მთავარია, როგორია ჩვენი ხედვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით.
- ვიდრე კოალიცია არსებობდა, იყო მოსაზრება, რომ მასში შემავალი პარტიების საგარეო პოლიტიკური ვექტორიდან გამომდინარე ქვეყნის საგარეო ორიენტაცია დაბალანსებული იყო. კოალიციის დაშლის შემდეგ ამ კუთხით რაიმე ცვლილება რამდენად მოსალოდნელია?
- არ მგონია, რომ კოალიციიდან ჩვენი ან სხვა პარტიების გამოსვლით, ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალოს. ჩვენ თავის დროზე ღიად განვაცხადეთ, რომ საქართველოს პერსპექტივა უკავშირდება დასავლურ ორიენტირს. ვფიქრობ, ეს კურსი არცერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, რადგან ეს გახლავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანი. ხელისუფლება ვალდებულია, საკუთარი მოსახლეობის ნება აღასრულოს, მაგრამ თუ ვინმეს ამის შეცვლა მოუნდება, მაშინ მზად უნდა იყოს, მიიღოს საზოგადოების მხრიდან სათანადო პასუხი. თუმცა „ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ მაქვს. უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის აჩემებული თავსმოხვეული კამპანია, პოლიტიკური არსენალის ბინძური ნაწილი, რომლის მიზანია, ხელისუფლების იმიჯს ზიანი მიადგეს.
- ე.წ. სამხრეთ ოსეთი რუსეთთან შეერთების საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს. შესაძლებელია, რომ რუსეთმა სამხრეთ ოსეთის მიერთება ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით გადაწყვიტოს?
- და ვინ უნდა ცნოს ეს შედეგები? მთელი მსოფლიო აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი, რომელსაც მართავს სეპარატისტული რეჟიმი, არის საქართველოს ტერიტორია, საქართველოს შემადგენელი ნაწილი და ის, რომ იქ არ ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, გამომდინარეობს იქიდან, რომ ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამას აღიარებს ყველა ქვეყანა მსოფლიოში, გარდა 3-4 ქვეყნისა. მაინტერესებს, ამ რეფერენდუმის შედეგი როგორი უნდა იყოს, როგორც არ უნდა ჩატარდეს, ან მისი იურიდიული ცნობა როგორ უნდა მოხდეს და ვის მიერ. დე-ფაქტო კი, გასაგებია, მაგრამ აქ მთავარია, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არავინ კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი არის საქართველო და ყველა მხარს უჭერს ჩვენს ტეროტორიულ მთლიანობას. თიბილოვის და სეპარატისტი მმართველების პოზიცია სრულიად გასაგებია და სამწუხაროა, რომ მათი პოლიტიკური პარტნიორი არის რუსეთი.