თბილისის მეტროპოლიტენის ახალი, 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი" კვლავ ტესტირების რეჟიმში მუშაობს. ტესტირება სექტემბრის ბოლოს დასრულდება და მოქალაქეები ახალი მეტროსადგურით სავარაუდოდ ოქტომბრის დასაწყისში ისარგებლებენ.
როგორც „სითი კვირას" მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ სადგურს, თბილისის მერიას გადასცემენ.
მათივე ინფორმაციით, თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. პროექტის ფარგლებში, ძირითადი სამუშაოები დასრულებულია, აშენდა და მოეწყო მეტროსადგურ უნივერსიტეტის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები. გაკეთდა მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, რესტავრაცია ჩაუტარდა არსებულ გვირაბებს, მეტროსადგურებს "დელისსა" და "ვაჟა-ფშაველას" შორის ამუშავდება მეორე გვირაბიც, დამონტაჟდა სალიანდაგო ხაზები. მოეწყო ელექტროქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე მოეწყო სიგნალიზაციის მართვის და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. გაკეთდა სათადარიგო ამოსასვლელები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო. პროექტის ღირებულება 83,000,670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებდა.
პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ მეტროსადგური "უნივერსიტეტი" ტესტირების რეჟიმში 2017 წლის ივლისის ბოლოდან მუშაობს.